Jump to content
Planeta.Ge

რეესტრის უფროსი ადასტურებს, რომ NGO-ებს საჯარო უწყებებზე მეტ ინფორმაციას სთხოვენ


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძე ადასტურებს, რომ რუსული კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს, საჯარო უწყებებთან შედარებით, ბევრად უფრო დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას ავალდებულებს.

ამის შესახებ მან დღეს, 30 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

კითხვა იმის შესახებ, არსებობს თუ არა საჯაროობისა და გამჭვირვალობის იგივე სტანდარტი საჯარო უწყებების მიმართ, რაც რუსული კანონით არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ,  დავით დევიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა დაუსვა.

რუსული კანონის ფარგლებში შექმნილი რეესტრი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს სახელობითად გაასაჯაროონ რა ხელფასს უხდიან თანამშრომლებს მათი პირადი ნომრებისა და საბანკო ანგარიშების მითითებით.

მოსამართლემ იკითხა აქვს თუ არა საჯარო უწყებას იგივე ვალდებულება, რომ სახელობითად, პირადი ნომრით გაასაჯაროოს მისი თანამშრომლების ხელფასები, ანგარიშები და ა.შ.

“საჯარო სექტორში… თუნდაც თქვენ რომ გკითხოთ, ყველა კონკრეტულ თანამშრომელთან დაკავშირებით მითხარით, რა ხელფასი მიგიციათ, მათი საიდენტიფიკაციო ნომერი და მათი ბანკის ანგარიშის ნომრები… ეს ინფორმაცია არ ჩაითვლება იმ პირად ინფორმაციად, რომ ასეთი დაწვრილებითი სახით არ მიეწოდოს გარე პირს?“ – იკითხა თეიმურაზ ტუღუშმა.

მოსამართლის კითხვის პასუხად საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა განაცხადა:

„საჯარო ორგანიზაციები აწარმოებენ ასეთ ინფორმაციას. გარკვეული ხასიათის დასაბუთების შემთხვევაში ასეთი ინფორმაციის გაცემა არის დასაშვები. გააჩნია რა იქნება მოთხოვნის საფუძველი და რა იქნება ამ  შემთხვევაში პერსონალური ინფორმაცია“, – უპასუხა დავით დევიძემ.

აღსანიშნავია, რომ რუსული კანონის ფარგლებში ყოველგვარი დასაბუთებისა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გარეშეა ვალდებული არასამთავრობო ან მედია ორგანიზაცია, რომ მისი თანამშრომლებისა თუ ბენეფიციარების პირადი მონაცემები გაასაჯაროოს, მათ შორის ის საბანკო ანგარიშის ნომრები, სადაც თანხა ჩაურიცხა.

მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე – „ასეთი ფორმით თქვენ გასცემთ ინფორმაციას, რომ „ჩემი კონკრეტული თანამშრომელი იღებს ამ თვეში ამ ხელფასს, ამ პრემიას, ესაა მისი საიდენტიფიკაციო ნომერი და ესეც მისი საბანკო ანგარიში?“ – საჯარო რეესტრის უფროსმა უპასუხა:

„ჩვენ გავცემთ ინფორმაციას, კონკრეტული თანამშრომელი რა პოზიციაზეა დანიშნული და შემდეგ [კონკრეტულ] პოზიციაზე რა ანაზღაურებაა… საბანკო ანგარიშს ჩვენ ვერ გავცემთ ბუნებრივია“, – განაცხადა დავით დევიძემ.

რა არის საჯარო ინფორმაცია?

კანონმდებლობის თანახმად, საჯარო ინფორმაციაა ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. მათ შორის, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ ამ ფორმით ითხოვენ საჯარო ინფორმაციას.

თუმცა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

პერსონალური მონაცემია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

ეს მაშინ, როცა რუსული კანონით გათვალისწინებული დეკლარაცია ითვალისწინებს მაქსიმალურად დეტალური ფინანსური ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას, ასევე ორგანიზაციაში დასაქმებული,  ორგანიზაციასთან ნებისმიერ ფინანსურ ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი სხვა ფიზიკური პირის სხვადასხვა სახის პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებას. მათ შორის ისეთი ინფორმაციისასაც, როგორიცაა ფიზიკური პირების პირადი ნომრები და საბანკო ანგარიშის ნომრები. ამ ინფორმაციის გასაჯაროებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციაც კი არ ითვალისწინებს.

გარდა ამისა, რუსული კანონი ითვალისწინებს ფიზიკური პირებისგან განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის წარდგენის ვალდებულებასაც. განსაკუთრებული კატეგორიისაა, მაგალითად, მონაცემები პირის სქესობრივ ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ  რუსული კანონით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის ფორმა “შინაარსობრივი თვალსაზრისით, თანხვედრაშია მონაცემთა დამუშავების მინიმიზაციის, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპებთან”.

მას შემდეგ, რაც ნეტგაზეთმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღნიშნული განცხადება გაავრცელა, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) სამსახურს მიმართა მათ მიერ გაწეული სხვადასხვა ხარჯის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით, იმ სახით როგორი ფორმითაც  გამოქვეყნება დაევალათ არასამეწარმეო და მედია ორგანიზაციებს რუსული კანონის შესაბამისად.  მაგალითად, IDFI-მ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან გამოითხოვა შემდეგი ინფორმაცია:

  • 2024 წელს თითოეულ თანამშრომელზე  გაცემული შრომის ანაზღაურების ოდენობა (სარგო, ფულადი ჯილდო, დანამატი ცალ-ცალკე), შრომის ანაზღაურების მიმღები პირების პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიში) მითითებით;
  • 2024 წელს თითოეულ თანამშრომელზე  გაწეული სამივლინებო ხარჯების ოდენობა (მგზავრობა, სასტუმრო, დღიური ცალ-ცალკე) და მივლინების მიზანი. მივლინებაში მყოფი პირების პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიში) მითითებით;
  • 2024 წელს გაწეული საკონსულტაციო, სანოტარო, თარჯიმნის და თარგმნის მომსახურების ხარჯების ჩამონათვალი,  შესაბამისი მომსახურების გამწევი პირების პირადი მონაცემების (სახელი, გვარი/სახელწოდება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, საბანკო ანგარიში) მითითებით;
  • 2024 წელს გაწეული სარეკლამო ხარჯების (სატელევიზიო, ბეჭდური, ინტერნეტ რეკლამა, ბრენდირებული აქსესუარები, გარე რეკლამა და სხვა სარეკლამო ხარჯები)  ჩამონათვალი შემსრულებელი კომპანიის/პირის, საიდენტიფიკაციო ნომრის, თანხის მიმღების საბანკო ანგარიშის, რეკლამის ტირაჟის/ხანგრძლივობის, ფართობის (ბეჭდური და ინტერნეტ რეკლამის შემთხვევაში) და ერთეულის ღირებულების (ლარი) მითითებით.

IDFI-ს თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განმარტა, რომ ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს და თანამდებობის პირებთან (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე) დაკავშირებული მონაცემების გარდა, ყველა სხვა თანამშრომელთან (და სხვა ფიზიკურ პირთან) დაკავშირებული ინფორმაცია წარუდგინეს დეპერსონალიზირებული (დაშტრიხული) ფორმით.  ამასთან,  IDFI აცხადებს, რომ მაგალითად თანამდებობის პირების შემთხვევაშიც არ იქნა წარმოდგენილი მათი საბანკო ანგარიშის ნომრები.

არასამთავრობო სექტორის დაკვირვებით,  ბოლო წლების ტენდენციებით,  საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უარესდება.  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ბოლო ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი (58%), 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგი იყო.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...