საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონზე ბოლო განმწესრიგებელ სხდომას 31 აგვისტოს გამართავს
საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონზე განმწესრიგებელ სხდომას 31 აგვისტოს გამართავს.
საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვას 29 აგვისტოს დაიწყო.
2 დღის განმავლობაში სასამართლომ მოუსმინა მოსარჩელეებს – არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის, მედიების და პრეზიდენტის წარმომადგენლებს და მათ მოპასუხეებს – პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს.
სარჩელებში მითითებულია, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოთხოვნილია მისი გაუქმება.
მოსარჩელეები ასევე აყენებენ შუამდგომლობას, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის მოქმედება უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
რუსული კანონი „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” შესახებ პარლამენტმა, 2-თვიანი მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 2024 წლის 28 მაისს საბოლოოდ დაამტკიცა.
4 ივნისიდან კანონი ძალაშიც შევიდა.
2 აგვისტოდან ორგანიზაციები და მედიები, რომელთაც კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად მონიშნავს, ვალდებულები ხდებიან, დარეგისტრირდნენ ე.წ. რეესტრში. მათ საამისოდ ერთი თვე აქვთ.
თუკი ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება რეესტრში კანონის დაუმორჩილებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 5 0000 ლარიდან 25 000 ლარამდე მერყეობს.
პროცედურის მიხედვით, ორგანიზაციამ ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროს, შემდეგ კი სპეციალურ ვებგვერდზე ფინანსური დეკლარაცია ატვირთოს.
დოკუმენტაციის შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს ერთი თვე აქვს, სწორედ ამ პროცესში ენიჭება მას უფლებამოსილება, გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. მათ შორისაა: ფიზიკური პირის რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება, სქესობრივი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულება, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი, აგრეთვე – ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები.
კანონში წერია, რომ ყველა პირი, ორგანო თუ ორგანიზაცია ვალდებულია, გასცეს ეს ინფორმაცია.
იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია თავისი ნებით არ დარეგისტრირდება, სამინისტროს უფლება აქვს, აწარმოოს მონიტორინგი და თავად გამოავლინოს ამგვარი ორგანიზაცია. თუ გამოვლინდა, რომ ორგანიზაციამ თავი აარიდა რეგისტრაციას, მას მაინც დაარეგისტრირებენ და მოსთხოვენ დეკლარაციის წარდგენას.
რეგისტრაციიდან თავის არიდების ან საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის ორგანიზაცია დაჯარიმდება 25 ათასი ლარით;
დეკლარაციის წარუდგენლობის, ხარვეზების გამოუსწორებლობისთვის 10 ათასი ლარით;
თუ მომდევნო თვეებშიც ორგანიზაციამ იგივე პრაქტიკა გააგრძელა, მას ყოველ მომდევნო თვეს 20 ათასი ლარით დააჯარიმებენ.
თუ პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემ, 5 ათასი ლარით დაგაჯარიმებენ და ეს ფიზიკურ პირსაც შეეხება.
იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაცია ჯარიმებს არ გადაიხდის, გამოიწვევს ქონების დაყადაღებას და ორგანიზაციები საქმიანობას ვეღარ შეძლებენ.
როგორი იქნება მონიტორინგის წესი, რა კონკრეტულ ინფორმაციას მოითხოვს სახელმწიფო უწყება ორგანიზაციებისგან, როგორ წარიმართება შესაძლო ყადაღის დადების პროცესი, – ამ და კიდევ სხვა ბევრ შეკითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ, სექტემბერში უფრო ცხადად გაეცემა პასუხი.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.