ვიხილავთ თუ არა თამარ ჩუგოშვილსა და გიორგი ქობულიას გიორგი გახარიას გუნდში – ექსპრემიერის პასუხი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროინდელი მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები მის გუნდში ვიხილოთ.
კითხვაზე, მაგალითად, არიან თუ იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებთანაც მოლაპარაკებები აქვს, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია, გახარია ამბობს, რომ ორივე მათგანს დიდ პატივს სცემს.
„რატომ იფარგლებით მხოლოდ ამ სახელებით? მე ამ ორ ადამიანს [თამარ ჩუგოშვილს და გიორგი ქობულიას] ძალიან დიდ პატივს ვცემ. „ქართული ოცნების“ პერიოდში ადამიანის უფლებების ნაწილში რეფორმების კუთხით რამე თუ გაკეთებულა, თამარ ჩუგოშვილს უდიდესი დამსახურება აქვს და ყოველთვის წამყვანი როლი ჰქონდა. რაც შეეხება გიორგი ქობულიას, ერთ-ერთი კეთილსინდისიერი და მაღალი კვალიფიკაციის ეკონომიკის მინისტრი იყო, მაგრამ ამ სიის გაგრძელება შეიძლება.
საქართველოს ბოლო 12 წლის განმავლობაში ბევრი ძალიან საინტერესო და ძალიან მაღალი დონის მინისტრი, მინისტრის მოადგილე და დეპუტატებიც ჰყავდა. ეს ის ხალხია, რომლებიც, ჩვენს მსგავსად, ხვდება, რომ სადღაც რაღაც შეიძლება შეგვეშალა და ჩვენ ჩვენი ვალდებულება გვაქვს ამ ქვეყნის წინაშე, რომ ის შეცდომები, რაც იყო დაშვებული და სადაც „ოცნება“ დღეს მივიდა, ამაზე ჩვენს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ”, – განაცხადა გახარიამ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, ის გულისხმობს „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატებს თუ მათაც, ვინც ახლაც მმართველი პარტიის სიაში არიან, გახარია პასუხობს:
„ჩვენ არ ვიზღუდავთ თავს, ახლაც და ყოფილ [წევრებსაც]“, – განაცხადა გახარიამ.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.