„ოცნების“ დეპუტატები საკონსტიტუციოში რუსული კანონის განხილვას არ ესწრებიან
„ქართული ოცნების“ დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვას არ ესწრებიან. მათ ნაცვლად, საქართველოს პარლამენტს აპარატის თანამშრომლები ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა წარმოადგენენ.
გუშინ, 28 აგვისტოს „ნეტგაზეთს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ სხდომას საკონსტიტუციო სასამართლოში ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე დაესწრებოდნენ, თუმცა დღეს სხდომის დაწყების შემდეგ გაირკვა, რომ არცერთი მათგანი საკონსტიტუციო სასამართლოში არ გამოცხადდა.
ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა პარლამენტის თანამშრომლები არიან.
სხდომას არ ესწრება მოსამართლე ირინე იმერლიშვილი, რის მიზეზადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.
სასამართლოში კანონის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მასშტაბური პროტესტის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო, რამდენიმე სარჩელი შევიდა.
რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი და საპარლამენტო ოპოზიცია.
მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საჩივრებს არსებითად განხილვას და მიიღებს გადაწყვეტილებას, შეესაბამება თუ არა რუსული კანონი საქართველოს კონსტიტუციას, სასამართლომ სარჩელების დასაშვებად ცნობაზე უნდა იმსჯელოს. ამასთან, მას შეუძლია კანონის მოქმედება დროებითი ზომით შეაჩეროს საბოლოო განაჩენამდე. სწორედ ამ საკითხებზე განხილვა დაიწყო საკონსტიტუციომ 29 აგვისტოდან.
ზემოაღნიშნული ყველა სარჩელი სასამართლოში გაერთიანდა და მათი განხილვაც ერთ საქმედ მოხდება. პრეზიდენტის სარჩელს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და ეკა ბესელია წარმოადგენენ, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელზე კი მომხსენებლები საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე და IDFI-ს იურისტი გიორგი დავითური იქნებიან.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათ სარჩელზე წარმომადგენლები საკონსტიტუციოში დეპუტატები თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი არიან.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.