რა საფრთხეს უქმნის რუსული კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უფლებადამცველებს – ბურჯანაძის განმარტება
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, კანონი საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებსაც, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და ქართული ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ.
ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს, 29 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დაიწყო.
ბურჯანაძის თქმით, საფრთხის შემცველია რუსული კანონის ფარგლებში გამოცემული იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც იმ პირთა ინფორმაციის გასაჯაროებასაც მოითხოვს, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ.
მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ვინაობის გასაჯაროებამ, რომლებიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მუშაობენ, შესაძლოა მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.
„იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც ამ [რუსული] კანონის შესაბამისად იქნა მიღებული, საუბრობს დეტალებზე, რაც უნდა გამოქვეყნდეს. ეს არის ორგანიზაციის მიერ მიღებული ყველა შემოსავალი და ორგანიზაციის მიერ გადახდილი ყველა გადასახადი. ორგანიზაცია თუ ვინმეს ქირაობს, ხელფასს უხდის, ვინმესგან სერვისს იღებს, ეს ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს და გამოქვეყნდეს.
საქართველოში არაერთი ორგანიზაცია მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის დოკუმენტირებისთვის. იქ არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელფასს, ჰონორარს უხდიან. ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და ეს კანონი ითვალისწინებს იმას, რომ უნდა მოხდეს ამ ადამიანების სახელების და გვარების გასაჯაროება.
ზოგჯერ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქმიანობას პროფესიული კონფიდენციალურობა სჭირდება. იმიტომ, რომ მაგალითად, საშიშ ადგილებში მყოფი პირების სახელები და გვარები არ გახდეს ცნობილი. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია ამ რეესტრით შეიძლება გასაჯაროვდეს და ორგანიზაციების იმ წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა. რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი ზიანი“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.