ECHR-მა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა საქმეზე, რომელშიც მოსამართლე ფიგურირებს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელშიც ახლა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს.
საქმე ეხება 2016 წლის 26 აგვისტოს გონიოს პლიაჟზე მომხდარ ინციდენტს. მაშინ 13 წლის არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა [მაშინ მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო].
დედამ პოლიციას მიმართა, მანამდე კი პლიაჟზევე, ინციდენტის შემდეგ გამოხატა პროტესტი მიქაუტაძის მიმართ.
პროკურატურამ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად ბავშვის ცემის ფაქტზე დაიწყო, თუმცა, მალევე შეცვალა მუხლი და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს ბავშვის მშობლები, მშობლები, თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე, შვილების თანდასწრებით შუაღამისას დააკავეს. ისინი მალევე გაათავისუფლეს, თუმცა, საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდა.
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იყო, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და რუსული კანონის კონსტიტუციურობის საკითხს იხილავს.
2018 წლის 23 ივლისს კიკილაშვილმა გადაწყვეტილება გამოიტანა და ორივე განმცხადებელი – ბავშვის მშობლები დამნაშავედ ცნო ხულიგნობაში და მათ 3000 და 2500-ლარიანი ჯარიმების გადახდა დააკისრა.
თამარ ხაჭაპურიძემ და კახაბერ ხაჩიძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს, რომელმაც დღეს, 2024 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (გ) და (დ) პუნქტების დარღვევას;
მე-6 მუხლი: საქმის სამართლიანი განხილვის უფლება
1 პუნქტი:
ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს.
მე-3 პუნქტის გ და დ ქვეპუნქტები:
3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
გ. დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები;
დ. თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში;
ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ „ადგილობრივმა სასამართლოებმა კარგად არ ახსნეს, რატომ თქვეს უარი მესამე განმცხადებლის, როგორც დაცვის მხარის მოწმის მოსმენაზე. მათ საკმარისი დასაბუთების გარეშე გამოიყენეს იმ მოწმეთა განცხადებები, რომლებიც არ ესწრებოდნენ სასამართლოს.
„ადგილობრივმა სასამართლოებმა საკმარისად კარგად არ ახსნეს, თუ რატომ თქვეს უარი მესამე განმცხადებლის [შვილის], როგორც დაცვის მხარის მოწმის მოსმენაზე. მათ ასევე გამოიყენეს დაუსწრებელი მოწმეების ჩვენებები, საპირწონედ საკმარისი ფაქტების უზრუნველყოფის გარეშე. არ დაასახელეს საკმარისი მიზეზი, რატომ აღარ უშვებდნენ პირველ და მეორე განმცხადებელს დარჩენილი სასამართლო პროცესებზე. ამ საკითხების გამო, სასამართლო თვლის, რომ პირველი და მეორე განმცახდებლის პროცედურული უფლებების შელახვამ მთლიანი სასამართლო პორცესის სამართლიანობა ეჭვქვეშ დააყენა. შესაბამისად, სასამართლო ადგენს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (გ) და (დ) პუნქტების დარღვევას”. – აცხადებს ECHR.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებლებს გადაწყვეტლების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს:
(i) 1000 ევრო (ათასი ევრო) თითოეული პირველი და მეორე განმცხადებლისთვის, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაემატოს, არამატერიალური ზიანისთვის.
(ii) 3000 ევრო (სამი ათასი ევრო), პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაემატოს, განმცხადებლებს ხარჯებისა და დანახარჯებისთვის;
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.