Jump to content
Planeta.Ge

მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ - კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა გაანადგურეს


კიევის დროით 15:00 საათზე უკრაინის დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. ცნობა დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობას განაგრძობს.

საჰაერო მართვის ცენტრის ცნობით, უკრაინის თავდაცვის სისტემამ გაანადგურა მტრის 12 სამიზნე, მათ შორის ორი ფრთოსანი რაკეტა და რვა უპილოტო საფრენი აპარატი. იუწყებიან, რომ დამატებით ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო სახმელეთო ძალების საჰაერო თავდაცვამ.

მანამდე კი უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სევერი“ იტყობინებოდა, რომ რუსეთის რაკეტებმა გადაიფრინეს სუმის ოლქში.

კიევის ოლქის თავდაცვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი კულებას განცხადებით, კიევის ოლქში საჰაერო განგაში გრძელდება.

აფეთქების ხმა სხვა მიზეზებითაც იყო გამოწვეული - უკრაინული გამოცემის „უნიანის“ ინფორმაციით, კიევის ოლქში მდებარე ვიშგოროდის რაიონში მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილეს, რომ იგეგმებოდა ფეთქებადსაშიში მასალის განადგურება. გარდა ამისა, ივანკივის რაიონს შეატყობინეს, რომ დასახლებულ პუნქტთან აფეთქებდნენ საბრძოლო მასალას.

18 ოქტომბერს კიევში, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რამდენიმე აფეთქება მოხდა, მათ შორის სამი დარტყმა განხორციელდა ენერგოობიექტზე. აფეთქებები იყო კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიშიც, სადაც შეტევის გამო ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

17 ოქტომბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით შეტევა განახორციელეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და სუმის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის და ლვოვის ოლქებზე. მხოლოდ კიევში, საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების გარდა, რუსული ძალების სამიზნე იყო ენერგოობიექტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა განაცხადა, რომ "მაღალი სიზუსტის იარაღით" შეუტიეს უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკის ობიექტებს და წინასწარ განსაზღვრული ყველა სამიზნე გაანადგურეს. რუს გენერალს არაფერი უთქვამს დარტყმაზე კიევის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლზე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...