ოჯახი ფიქრობს, რომ ქუთაისის ციხეში პატიმარს სასტიკად სცემეს, სხვა ვერსია აქვს პენიტენციურს
ქუთაისის #2 პენიტენციური დაწესებულებაში პატიმარმა დაზიანებები მიიღო. ის ჯერ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში, მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისში, ვივამედში გადაიყვანეს.
ახალგაზრდა კაცის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ის ნაცემია. მათ ამის საფუძველს აძლევს მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია რომელიც კლინიკისგან მიიღეს. ასევე, მისი ვიზუალური შეფასება – მათი თქმით, ქუთაისიდან თბილისში გადაყვანის დროს, კლინიკიდან რეანიმობილში მიყვანამდე მონაკვეთში მათ შორიდან დაინახეს პატიმარი და შეამჩნიეს ისეთი დაზიანებები, რომლებსაც, მათი ვარაუდით, დამოუკიდებლად ვერ მიიყენებდა.
“თბილისში, ვივამედში გადაიყვანეს – გადაყვანის პროცესში, შორიდან ვიდექი და იქიდან ვუყურებდი – დავინახე დალურჯებული თვალი, სულ დასივებული და რამდენიმე დაზიანება ჰქონდა, ასევე, ხელებზე. თავის ქალა არის ჩამტვრეული […] მეუბნებიან, რომ პატიმარმა თვითონ დაიზიანა თავისი თავი, გადაიჭრა ვენებიო”, – ჰყვება პატიმრის ცოლი TV პირველთან საუბრისას.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა სამართებლის გამოყენებით. მათივე ცნობით, დაწყებულია გამოძიებაც.
“ნ.ბ.-ს დაწესებულებაში ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პატიმრის ოჯახის წევრების მოითხოვენ, პენიტენციურმა სამსახურმა გადასცეს სამეთვალყურეო საბჭოს ჩანაწერები, რომელიც დაადასტურებს მათ ვერსიას თვითდაზიანების შესახებ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.