POLITICO: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმით, საქართველო ჩრდილოეთ კორეის გზას ადგას
გამოცემა POLITICO წერს, რომ საქართველო, მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმით, ჩრდილოეთ კორეის გზას ადგას და ქართველი ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს ახალი საფრთხე ემუქრება.
მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ პირობა დადო, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს, საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში, ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებს.
როგორც გამოცემა წერს, ოპოზიციის აკრძალვა საქართველოს უკვე ისედაც გაყინულ მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, მთლად ბოლოს მოუღებს.
პარასკევს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება მანდატების გაუქმება იქნება.
„არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის წევრი“, — თქვა კობახიძემ.
მან ასევე დააკონკრეტა, რომ იმ პარტიების ჩამონათვალში, რომელთა აკრძალვასაც აპირებენ “კოლექტიური ნაცმოძრაობის” საბაბით, შედიან:
- ენმ და მის ირგვლივ შექმნილი კოალიცია (“სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპული საქართველო”)
- ახალი, გირჩი, დროა – კოალიცია ცვლილებებისთვის
- ლელოს ირგვლივ გაერთიანებული კოალიცია
- გიორგი გახარიას პარტია
გამოცემა POLITICO წერს, რომ კომენტარისთვის ევროპულ კომისიას მიმართეს, რამდენადაც კობახიძე ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის გეგმები საქართველოს ევროკავშირისკენ გზად არ ეღობება, თუმცა მათ კომისიიდან პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
„ეს გააუქმებს მთელ ოპოზიციას, რომელშიც „ქართული ოცნება“ საფრთხეს ხედავს. პარალელის გავლება მხოლოდ ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეიძლება და ჩრდილოეთ კორეასთან. ეს იქნება ქართული დემოკრატიის დასასრული“, — ამბობს თინათინ ახვლედიანი, ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარი.
გამოცემა ასევე ეხმაურება ირაკლი კობახიძის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ზომები უკრაინასა და მოლდოვაშიც არის მიღებული და ამას მათსა და დასავლეთს შორის გადებული ხიდებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.
„აღმოსავლეთ ევროპის ამ ორ ხსენებულ ქვეყანაში კონკრეტულად პრორუსული ფრაქციები აკრძალა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ამ პოლიტიკური ძალების მხრიდან გადატრიალების მოწყობის გეგმებზე არსებული გაფრთხილებების ფონზე. ორივე ქვეყანამ შეინარჩუნა ძლიერი, ცოცხალი მრავალპარტიული სისტემა“, — წერს გამოცემა და ამატებს, რომ ევროკავშირს ამ დროისთვის ისედაც შეჩერებული აქვს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით დაღმასვლის გამო და ამავე დროს, შეერთებულმა შტატებმაც შეაჩერა დაფინანსება საქართველოს კრემლისკენ გადახრის მიზეზით.
ამ თემაზე წაიკითხეთ: “ოცნება” მანიპულირებს, რომ ოპოზიციის ასაკრძალად საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.