Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას მოსალოდნელზე ბევრად უფრო სწრაფად ამცირებს


ევროპის კავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას ბევრად უფრო სწრაფად ამცირებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რვა თვის განმავლობაში ევროკავშირმა მოახერხა რუსეთის გაზის ორი მესამედის შემცვლელის პოვნა. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში გამოსვლისას.

მისი სიტყვებით, ჯერ კიდევ გაზაფხულზე ევროკავშირში მიაჩნდათ, რომ რუსეთის გაზზე უარის თქმას რვა წელი დასჭირდებოდა. ევროკავშირმა მოახერხა დაეჩქარებინა გაზის სხვა, არარუსულ მიმწოდებლებზე გადასვლა, მაგრამ ამისთვის მაღალი ფასის გადახდა გახდა საჭირო, აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

 

ამავე დროს გაზეთ „კომერსანტს“ მოჰყავდა მონაცემები, რომელთა თანახმად, ევროპაში რუსული გათხევადებული გაზის ექსპორტი იზრდება მიუხედავად გეოპოლიტიკური უთანხმოებისა. ევროკომისიის წარმომადგენელმა ტიმ მაკფიმ განაცხადა, რომ 2022 წლის ცხრა თვის განმავლობაში ევროკავშირში რუსული გათხევადებული გაზის იმპორტი 50%-ით გაიზარდა.

როგორც გაზეთი The New Yourk Times-ი წერს 19 ოქტომბერს, ევროპის კავშირი წყვეტს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, რათა დაეხმაროს უკრაინას, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა კვლავაც ლობირებას უწევს იმპორტის ნაწილის შენარჩუნებას.

მაგალითად, ბელგია განაგრძობს რუსეთთან ალმასით ვაჭრობას, საბერძნეთმა გაათავისუფლა თავისი გემები ნავთობის ემბარგოსგან და კვლავაც გადაზიდავს რუსეთის ნავთობს. საფრანგეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და ფინეთი კვლავაც ეწევიან რუსეთიდან ურანის იმპორტს თავიანთი ატომური ელექტროსადგურებისთვის.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ევროპის კავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების რვა პაკეტი მიიღო. არცერთი მათგანი არ შეიცავს ემბარგოს რუსეთის გაზზე. ამასთან, რუსეთმა შეწყვიტა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში გაზის მიწოდება, ზოგმა ქვეყანამ კი თავად თქვა უარი რუსეთის გაზზე.

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს ბრალს სდებენ გაზის გამოყენებაში პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...