Jump to content
Planeta.Ge

ერევანში აქციის მონაწილეები ბელარუსთან ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვენ


“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სომხეთის ხელისუფლებამ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ანტისომხური განცხადების შემდეგ, ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა შეწყვიტოს.

სომხური პოლიტიკური პარტიის “რესპუბლიკისთვის” წევრებმა და მხარდამჭერებმა გუშინ, 21 აგვისტოს, საპროტესტო აქცია ერევანში, ბელარუსის საელჩოსთან გამართეს. აქციის მონაწილეებმა შენობას კარტოფილი, კვერცხები და პომიდორი დაუშინეს და სომხეთის დატოვება მოსთხოვეს. ასევე, მათი მთავარი მოთხოვნაა, სომხეთმა ბელორუსთან დიპლომატიური ურთიერთობები ლუკაშენკოს გადადგომამდე გაწყვიტოს.

აქციის მიზეზი გახდა აქტივისტების აღშფოთება ლუკაშენკოს სიტყვების გამო, რომ “სომხები არავის სჭირდება”.

ბელარუსის პრეზიდენტმა ტელეკომპანია Россия 1-ის ეთერში განაცხადა, რომ დასავლეთს სომხეთი არ სჭირდება.

“ვის სჭირდება სომხები ჩვენ გარდა?  არავის სჭირდება…დაე, განავითარონ თავიანთი ეკონომიკა და ორიენტირდნენ საკუთარ რესურსებზე. რა საფრანგეთი, ვინ [საფრანგეთის პრეზიდენტი] მაკრონი? ხვალ მაკრონი აღარ იქნება და ყველა დაივიწყებს სომხეთის შესახებ”,-  ციტირებს “Lenta.Ru” 20 აგვისტოს ნათქვამ ალექსანდრე ლუკაშენკოს სიტყვებს.


18 აგვისტოს ვლადიმერ პუტინი ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩაფრინდა, რომლის ფონზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლება, ზანგეზურის დერეფნის გავლით, კომუნიკაციების გახსნის შესახებ შეთანხმებას არღვევს.

ბაქოს ანალიტიკოსების თქმით, პუტინის ვიზიტმა და ლავროვის განცხადებებმა დაადასტურა მოსკოვისა და ბაქოს მოკავშირეობა.

ერევნის პოლიტოლოგების ვარაუდით, რუსეთი ცდილობს, კომუნიკაციების გახსნა სომხეთის გავლით საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...