კამალა ჰარისი - როგორც პრეზიდენტი, მტკიცედ დავუჭერ მხარს უკრაინას - ყოველთვის დავიცავ ისრაელის უფლებასაც დაიცვას საკუთარი თავი
„დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას.
„დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ჰარისმა აღნიშნა, რომ ხუთი დღით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა, ის შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა რუსეთის შეჭრის გეგმების შესახებ გაეფრთხილებინა.
„ხელი შევუწყვე გლობალური პასუხის - 50-ზე მეტი ქვეყნის - მობილიზებას პუტინის აგრესიისგან დასაცავად და როგორც პრეზიდენტი, მე მტკიცედ დავუჭერ მხარს უკრაინას და ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებს“, - აღნიშნა ჰარისმა.
მან ღაზას სექტორში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რადგან ახლა არის დრო, რომ მოხდეს მძევლების გათავისუფლებასა და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა.
„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: ყოველთვის დავიცავ ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი და ყოველთვის უზრუნველვყოფ, რომ ისრაელს ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის უნარი. იმიტომ, რომ ისრაელის მოსახლეობა აღარასოდეს უნდა აღმოჩნდეს იმ საშინელების წინაშე, რომელიც ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გამოიწვია“, - აღნიშნა ჰარისმა.
ამასთან, მისი თქმით, დამანგრეველია ის, რაც ბოლო 10 თვის განმავლობაში ღაზაში მოხდა.
„რამდენი უდანაშაულო სიცოცხლე დაიკარგა. სასოწარკვეთილი, მშიერი ადამიანები, რომლებიც გარბიან უსაფრთხოებისთვის. ტანჯვის მასშტაბები გულსატკენია. პრეზიდენტი ბაიდენი და მე ვმუშაობთ ამ ომის დასასრულებლად ისე, რომ ისრაელი იყოს დაცული, მძევლები გაათავისუფლონ, დასრულდეს ტანჯვა ღაზაში და პალესტინელმა ხალხმა შეძლოს, ისარგებლოს ღირსების უფლებით, უსაფრთხოებით და თავისუფლებით“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.