Jump to content
Planeta.Ge

ფულის გამოძალვის ახალი თაღლითური სქემა – რას ჰყვებიან დაზარალებულები


რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია თაღლითურის სქემის შესახებ, რომლითაც ადამიანებისთვის ფულის გამოძალვას ცდილობენ.

სცენარი ყველა შემთხვევაში მსგავსია: რუსულენოვანი ადამიანი რეკავს სახლის ტელეფონზე, ძირითადად, ასაკოვან ადამიანებთან, ეუბნება, რომ მისი ოჯახის წევრი ავარიაში მოყვა და იმისთვის, რომ არ დააპატიმრონ, უნდა გადაურიცხოს თანხა. სიტუაციაში გარკვევის მცდელობას მოჰყვება პოლიციითა და პატიმრობით მუქარა, ან აქცენტირება ადამიანის სიცოცხლეზე – “ჯერ თანხა გადმორიცხეთ სასწრაფო ოპერაციისთვის, დანარჩენი მერე გავარკვიოთ”.

ადამიანები, ვისაც ურეკავენ, ძირითადად ასევე რუსულენოვანები არიან. შესაბამისად, მათთვის რუსულ ენაზე კომუნიკაცია, თუნდაც ოჯახის წევრთან, ეჭვის საფუძველი არ არის. მით უმეტეს, რომ ის, ვინც რეკავს, სახელით მიმართავს, ან ოჯახის კონკრეტული წევრის სახელით ესაუბრება. ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ თაღლითები შემთხვევითობის პრინციპით კი არ რეკავენ უცხო ნომრებზე, იციან, ვინ უნდა იყოს მათი სამიზნე.

ცნობილია ოდნავ განსხვავებული შემთხვევებიც – როცა რუსულენოვანი ადამიანი ტირილით რეკავს, ამბობს, რომ ავარიაში მოყვა, აქვს ფიზიკური დაზიანებები და სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, რისი ფულიც მას არ აქვს. ამიტომ, ითხოვს დახმარებას.

ნებისმიერ შემთხვევაში კომუნიკაცია არის ქაოსური – ტირილი, ყვირილი, მუქარა, ხმაური, გაურკვეველი საუბარი, სათქმელის დასრულების გარეშე სხვა თემაზე საუბრის დაწყება და ა.შ. ამის გამო ადამიანებს უჭირთ ამბის კარგად გააზრება და ნერვიულობას იწყებენ ოჯახის წევრებზე, რომლებზეც ეუბნებიან, რომ ავარიაში მოყვა და საფრთხე ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს. ამ ეტაპზე უწყებაში არ აკონკრეტებენ, რამდენმა ადამიანმა მიმართა პოლიციას მსგავს საქმეზე, ან არის თუ არა ვინმე დაზარალებულად ცნობილი.

ადამიანებს, ვისაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, პოლიციისთვის არ მიუმართავთ. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ მათთვის ფულის გამოძალვა ვერ მოახერხეს, მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, არ აქვთ ეფექტიანი გამოძიების იმედი.

თამო მათიაშვილი გვიყვება, როგორ გახდა თაღლითური სქემის ობიექტი მისი დედამთილი, წარმოშობით უკრაინელი 81 წლის ქალი. რუსულენოვანმა ქალმა მას ტირილით უთხრა, რომ მისი შვილიშვილი იყო, ავარიაში მოყვა და აპატიმრებდნენ, ამიტომ სასწრაფოდ სჭირდებოდა 6000 დოლარი. ქალი ამტკიცებს, რომ ადამიანს, ვისაც ესაუბრა, ნამდვილად მისი შვილიშვილის ხმა ჰქონდა.

“დაურეკეს სახლის ტელეფონზე შვილიშვილის სახელით – უცნაურია, სახელებიც რომ იციან. რუსულად დაუწყეს საუბარი – ნათია ვარ, მიშველეთო, ავარიაში მოვყევი, ციხეში მივყავარო და ა.შ. ძალიან გაურკვევლად საუბრობენ, აზრის გამოტანა გაუჭირდა, მაგრამ პანიკაში ჩავარდა. საიდან უნდა მოეტანა შვილმკვდარ, 81 წლის დედას 6000 დოლარი? სწორედ იმ დღეს გამოწერეს მამამთილი, 84 წლის კაცი საავადმყოფოდან, სადაც ინფარქტით მოხვდა. ორივემ ძალიან ინერვიულა. ძლივს გამოვიდნენ მდგომარეობიდან”, – გვიყვება თამო.

მას შემდეგ, რაც ანერვიულებულ ქალს ტელეფონი გაუთიშეს, ოჯახის წევრებმა ნათიას პირად მობილურზე დაურეკეს. საბედნიეროდ, მან მაშინვე უპასუხა და გაირკვა, რომ ავარიაში არ მოხვედრილა. თუმცა განსხვავებული გამოცდილება აქვს “ნეტგაზეთის” კიდევ ერთ რესპონდენტს, ქრისტინას. მას უთხრეს, რომ ავარიის მიზეზი დედამისი გახდა, შედეგად კი ახალგაზრდა კაცი სიკვდილის პირას იყო. ამბის გადასამოწმებლად მან დედას პირად მობილურზე დაურეკა, თუმცა ვერ დაუკავშირდა. ანერვიულებულმა ქრისტინამ ტაქსი გამოიძახა და წავიდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში – იქ, სადაც უთხრეს, რომ გადაყვანილია მომაკვდავი ახალგაზრდა კაცი.

“ჯერ დედას დავურეკე და ისე აღმოჩნდა, რომ იმ დროს მეტროში იყო და ზარი არ გადიოდა. მერე რესპუბლიკურში რომ დავრეკე, მანდაც არავინ მიპასუხა. ტაქსი გამოვიძახე და წავედი. იქ დაცვამ მიამბო, რომ თურმე, დღე არ გადის, რომ ვინმე არ მივიდეს მსგავსი ისტორიით.

ჩემამდე რამდენიმე დღით ადრე მისულა მოხუცი კაცი, აკანკალებული, ადამიანი იმდენად ცუდად იყო, რომ იქვე გული წასვლია. უთხრეს, რომ შვილი და შვილიშვილი ავარიაში მოყვნენ და ცუდად არიან, კვდებიან”, – გვიყვება ქრისტინა.

ქრისტინას დედაც რუსულენოვანია, ამიტომ არ გაჰკვირვებია, როცა “დედამ” რუსულად დაუწყო საუბარი. თავიდან დარწმუნებული იყო, რომ დედას ესაუბრა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, როცა იხსენებს, უკვე ეჭვი ეპარება ამაში. ამბობს, რომ იმდენად ააღელვა ნათქვამმა, შესაძლოა ხმის ტემბრს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, რითაც თაღლითობის ამოცნობა შეიძლებოდა, აღარ დააკვირდა.

ამბავი კი, რაც მას უთხრეს, ასეთია: დედამისმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები – გადადიოდა წითელზე. მომავალი მანქანის მძღოლმა სცადა მისთვის გვერდი აექცია, რის გამოც კედელს შეეჯახა. ახლა დედამისის გამო ეს მძღოლი, ახალგაზრდა კაცი, სიკვდილის პირას იყო. ამიტომ, სასწრაფოდ მოითხოვდნენ ოპერაციის თანხას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი უჩივლებდნენ.

“როცა დარეკეს, მეძინა. ნახევრად მძინარემ ავიღე ყურმილი. ქალი მელაპარაკა დედაჩემის სახელით. ყვიროდა, წითელზე გადავდიოდი, ავარიაში მოვყევი და მძღოლი კვდებაო. მერე ვიღაც ინსპექტორს გადასცა ყურმილი – ასე მოიხსენია. ეს ინსპექტორი იყო ვითომ მძღოლის წარმომადგენელი. მითხრა, რომ მძღოლი კვდება და 21 000 დოლარი არის საჭირო ოპერაციისთვის. თუ ახლა ამდენი თანხა არ გაქვთ, მე ყველაფერს გავიგებო, – კიდევ აქეთ შემოვიდა ჩემს მდგომარეობაში -, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია გავანაწილოთ და პირველი შესატანი იქნება 3000 დოლარი, რომელიც უნდა ჩარიცხოთ სასწრაფოდო. ვუთხარი, რომ 3000 დოლარი არ მაქვს. 10 წუთში გადმოგირეკავთ და იქამდე მოიფიქრეთ, როგორ იშოვით ამ თანხასო.

დედას დავურეკე – ვერ დავუკავშირდი. საავადმყოფოში დავრეკე – არავინ მიპასუხა. დავეჭვდი და გამოვიძახე ტაქსი. სანამ მე გზაში ვიყავი მეორედ დარეკა. უპასუხა ჩემმა დამ და უთხრა, რომ გზაში ვიყავი. ჰკითხეს, ფული თუ მქონდა თან. როცა გაიგო, რომ ფულის გარეშე მივდიოდი, გაბრაზდა და დაიწყო ყვირილი. აქ ადამიანი კვდება და თქვენ იმის ნაცვლად, რომ ფული იშოვოთ, ადგილზე მოდიხართ სიტუაციის გასარკვევად. ასე როგორ შეიძლებაო”, – გვიყვება ქრისტინა.

ამბობს, რომ სახლში დაბრუნებულმა ეს ამბავი მეზობელს მოუყვა. რამდენიმე საათში მსგავსი ისტორიით დაურეკეს ამ მეზობელსაც. თუმცა მან, რადგან უკვე იცოდა ქრისტინას გამოცდილების შესახებ, ტელეფონი გაუთიშა.

ქრისტინამ ეს ისტორია სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა. ამბობს, რომ პოსტის დაწერის შემდეგ ბევრი ადამიანი სწერს პირად შეტყობინებებში და უყვება თავის გამოცდილებას. იცის, რომ ვიღაცები მოტყუვდნენ და მართლა გადარიცხეს თანხა. სმენია შემთხვევაზე, როცა მოხუცი კაცი პირადად შეხვდა და გადასცა ფული თაღლითებს.

დაურეკეს “ნეტგაზეთის” კიდევ ერთი რესპონდენტის, ირმას დედასაც და მოატყუეს, რომ მისი შვილი ავარიაში მოხვდა. ირმას დედაც რუსულენოვანია. ისიც ამბობს, რომ ქალს, ვისაც ესაუბრა, მისი შვილის ხმა ჰქონდა.

“მე ბათუმში ვიყავი, როცა თბილისში, ჩვენი სახლის ნომერზე დარეკეს. დედაჩემმა უპასუხა. რუსულად უთხრეს, ირმა ვარ, ავარია მომივიდა, მანქანამ დამარტყა და საავადმყოფოში ვარო. ყველა ძვალი მაქვს გატეხილი და ტუჩი გამსკდარიო. დედაჩემმა მეტი არაფრის თქმა არ აცადა, უთხრა, მობილურზე გადმოგირეკავო და გაუთიშა. მაშინვე დამირეკა მე და გაირკვა, რომ ვიღაც ატყუებდა”, – გვიყვება ირმა.

პოლიციისთვის არც მათ მიუმართავთ. არ იცის, რა ნომრიდან დაურეკეს, რადგან მათი სახლის ტელეფონზე შემომავალი ნომრის გარჩევა შეუძლებელია.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ზარები ძირითადად დაფარული ნომრებიდან ხორციელდება გამთენიისას. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნომერი ხილულია, მასზე უკან დარეკვა შეუძლებელია.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...