უკრაინის საელჩომ საქართველოში მყოფი საკუთარი მოქალაქეებისთვის საერთაშორისო ორგანიზაცია „როტარისთან“ ერთად 11 ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეიძინა
საქართველოში უკრაინის საელჩომ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „როტარისთან“ ერთად 11 ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეიძინა. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ტვირთის ნაწილი, ჯამში 5 ტონა ბათუმში გაიგზავნა, 6 ტონა კი თბილისში დარჩა და ის მიეწოდება უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იძულებულები არიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე თავი საქართველოს შეაფარონ.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეა ჩვენთვის, დღე, როდესაც საქართველოში უკრაინის საელჩომ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „როტარისთან“ მჭიდრო თანამშრომლობით გააკეთა ყველაფერი, რათა დაეკმაყოფილებინა უკრაინის მოქალაქეების საჭიროებები, რომლებიც იძულებულები არიან დარჩნენ საქართველოში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. საქველმოქმედო ორგანიზაცია „როტარისთან“ ერთად ჩვენ შევიძინეთ 11 ტონაზე მეტი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება. ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაკადი, რომლის ჯამური მოცულობა 5 ტონა იყო, უკვე ჩავიდა ბათუმის მოხალისეობრივ ცენტრში და უკვე მზადაა მიეწოდოს ყველას, ვისაც მისი განსაკუთრებული საჭიროება აქვს. დღეს ჰუმანიტარული დახმარების მეორე ნაკადი, რომლის ჯამური მოცულობა 6 ტონას შეადგენს, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში მივიტანეთ. ეს მოიცავს საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებს, სხვა სიტყვებით, ყველაფერს, რაც საჭიროა უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, დაკარგეს საკუთრება რუსეთის ბარბაროსული აგრესიის ფონზე. ეს ჰუმანიტარული ტვირთი თბილისსა და ბათუმში არის იმის დასტური, რომ ყველას შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინის მოქალაქეების დახმარებაში. საქართველოში ზოგიერთი ადამიანი დაგვეხმარა ფინანსური სახსრებით, საქართველოს საპატრიარქომ გამოგვიყო ფართი ტვირთის შესანახად, ზოგმა წვლილი შეიტანა ტრანსპორტირების პროცესში, ზოგი მოვიდა სამების ტაძარში და ამ ტვირთის დაბინავებაში დაგვეხმარა. ჩვენ მადლიერები ვართ ყველასი, ვინც ამ პროცესში წვლილი შეიტანა, მსურს, მათ მადლობა გადავუხადო ზრუნვისთვის, ადამიანობისა და სიკეთისთვის. დიდება უკრაინას და გამარჯვებას ჩვენს საერთო მტერზე, რუსეთის ფედერაციაზე!“ - განაცხადა კასიანოვმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.