სასამართლომ ცესკოს დადგენილების გაუქმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა
მოსამართლე ნანა აფციაურმა ცეკოს დადგენილების გაუქმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა.
დადგენილება, რომელიც ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს იწვევს, ცესკომ 16 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტის თანახმად, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა ჩაატარონ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.
მანამდე ეს წილისყრა არჩევნების დილას, საარჩევნო უბნის გახსნამდე ტარდებოდა. ცვლილება ნიშნავს, რომ არჩევნებამდე 7 დღით ადრე გახდება ცნობილი, ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი საარჩევნო უბანზე, ვინ იქნება რეგისტრატორი ან ვინ გაყვება გადასატან ყუთს.
კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის” და არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ ცესკოს არ აქვს უფლებამოსილება, დადგენილებით შეცვალოს ვადები იმ პირობებში, როდესაც შეუძლებელი არ გამხდარა წილისყრის პროცედურების ჩატარება კენჭისყრის დღეს.
ამასთან, მათი განცხადებით, წილისყრის არჩევნების დღემდე სულ მცირე, 7 დღით ადრე ჩატარება საფრთხეს შეუქმნის გამჭვირვალობის პრინციპის დაცვას, ასევე, შესაძლოა, მოხდეს კომისიის ცალკეული წევრების დაშინება და ზეწოლა.
გიორგი სიორიძემ, რომელიც წარმოადგენს კოალიციას „ძლიერი საქართველოსთვის” და რომელმაც მიმართა სასამართლოს, აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ გაკვირვებია.
„დღევანდელი ქართული მართლმსაჯულება, ისევე, როგორც ცესკო, ემსახურება „ქართული ოცნების” ინტერესებს. მიუხედავად იმისა, თუ რა წინაღობებს შექმნის მმართველი გუნდი წინასაარჩევნო პერიოდში, ქართველი ხალხის გაცნობიერებული არჩევანი არის ევროინტეგრაცია”. – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.