Jump to content
Planeta.Ge

ვრცელდება ცნობები კურსკში მდინარე სეიმზე მესამე ხიდის აფეთქებაზეც


რუსი სამხედრო ბლოგერების განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მესამე ხიდი ააფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, დღეს, 19 აგვისტოს „სამხედრო კორესპონდენტმა ვლადიმირ რომანოვმა დაწერა, რომ უკრაინულმა მხარემ სოფელ კარიჟთან მდებარე ხიდი გაანადგურა, თუმცა დამატებითი დეტალები მომხდარზე არ გაუვრცელებია. კიდევ ერთმა პრორუსმა ბლოგერმა იური პოდოლიაკმა კი დაწერა, რომ „მტერმა მდინარე სეიმზე უკანასკნელი ხიდი გაანადგურა“.

მისი თქმით, რუსი სამხედროები ამჟამად მდინარის გადასაკვეთად პონტონს იყენებენ (დროებითი ხიდი), რომელიც მისივე შეფასებით „საკმარისია ეფექტიანი მოქმედებებისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შესაჩერებლად“.

„მედუზას“ ცნობით, ხიდის აფეთქება დაადასტურა რეგიონის გუბერნატორის მრჩეველმა რომან ალეხინმა და განაცხადა, რომ „ეს სერიოზულ უპირატესობას არ აძლევს“ უკრაინულ მხარეს, რამდენადაც, მისი თქმით, „რუსეთის ჯარმა მალევე მოაწყო დროებითი ხიდი პონტონის დახმარებით“.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სამხედრო ბლოგერებს ხიდის განადგურების ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა არ გაუვრცელებიათ, უკრაინულ მხარეს კი ხიდის განადგურების შესახებ ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

„მედუზას“ ცნობით, მდინარე სეიმზე გლუშკოვსკის რეგიონში სულ სამი ხიდი იყო მოწყობილი, რომელთაგან ერთი უკრაინამ 16 აგვისტოს გაანადგურა. მაშინაც, ინფორმაცია ხიდის აფეთქების შესახებ თავდაპირველად რუსმა სამხედრო ბლოგერებმა გაავრცელეს ტელეგრამ არხებზე, მოგვიანებით კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა. მეორე ხიდი კი უკრაინამ 18 აგვისტოს ააფეთქა და ინფორმაცია ამის შესახებ თავადვე გაავრცელა.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდამჭერი ბლოგერები აღნიშნავენ, რომ სამივე ხიდის განადგურებით, რეგიონის ის ნაწილი, რომელიც უკრაინას ესაზღვრება მთლიანად წყდება ოლქის ძირითად არეალს. ამასთან, აღნიშნული ხიდები დიდ როლს ასრულებდა რეგიონში მომარაგების თვალსაზრისით რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის.

ნეტგაზეთი

khidi.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...