Jump to content
Planeta.Ge

„სამურაის“ აღსასრული


დავით ბუხრიკიძე avatar
დავით ბუხრიკიძე
Article main image

ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მედიაში ბევრჯერ და წინასწარ „გამოცხადებული“ სიკვდილის შემდეგ, ევროპული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 18 აგვისტოს, 88 წლის ასაკში, ნამდვილად გარდაიცვალა. ეს ფაქტი ფრანგულ მედიას თავად ალენ დელონის შვილებმა დაუდასტურეს, რომლებთანაც მას ბოლო დროს მხოლოდ დაუსრულებელი სკანდალები, დავა და სასამართლო პროცესები აკავშირებდა. თავად კინოვარსკვლავს კი ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მხოლოდ ოთხფეხა მეგობრებთან ჰქონდა მისთვის გასაგები და „ადამიანური“ ურთიერთობა.

პიკანტური და მედიისთვის აუცილებელი ყვითელი ისტორიები, რომელიც „ევროპული კინოს ყველაზე ლამაზ მამაკაცს“ ლამის კარიერის დასაწყისიდან დასასრულამდე თან სდევდა, ამჯერად უკეთესია დავივიწყოთ, რადგან მათ მედია კიდევ ბევრჯერ და საფუძვლიანად გამოამზეურებს. უამრავი სტერეოტიპული, სავალდებულო და „მამაკაცური“ როლის მიუხედავად, ალენ დელონს ბევრ ძალიან კარგ რეჟისორთან უმუშავია, რამაც მის ბიოგრაფიას დამატებითი არტისტული განზომილება და მასშტაბი შესძინა.

ასეთია მაგალითად, ჟიულიენ დუვივიეს ფილმი Diabolically Yours (ალბათ, ითარგმნება როგორც „ეშმაკივით თქვენი“ 1967), რომელშიც ალენ დელონის გმირი ავტოკატასტროფის შემდეგ, მეხსიერებადაკარგული სხვის სახელს იმეორებს და მხოლოდ გაუცხოებისა და დავიწყების გზით გაურბის ალჟირის ომთან დაკავშირებული დრამატული მოგონებების ტვირთს.

ამავე პერიოდში, ჟან-პიერ მელვილის კრიმინალურ დრამაში „სამურაი“ (1967), ალენ დელონი თითქოს საფუძვლიან ტრენინგს გაივლის, რათა მოგვიანებით ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, ჯოზეფ ლოუზის „მისიე კლაინში“(1976) ურთულესი ფსიქოლოგიური და კრიმინალური როლი დაძლიოს. ბატონი კლაინი („კლაინ“ გერმანულად „პატარას“ ნიშნავს) რაღაც იდუმალ, უცნაურ მეტამორფოზას განიცდის, როცა შეცდომით ებრაული გაზეთის გამომწერი გახდება და თანდათან აღმოაჩენს საკუთარ თავში „ორმაგ“ ებრაელს – საკონცენტრაციო ბანაკში ტანჯვისთვის განწირულს და მეორეს – შინაგანად გამბედავსა და მეამბოხეს.

რაღა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ მისი კინონათლია კარიერის დასაწყისში, ჯადოქარი ლუკინო ვისკონტი, რომელმაც ეპიკურ საგაში „როკო და მისი ძმები“ (1960), მამა-კარლოს მსგავსად უბადლოდ  „გამოთალა“ ნატიფი და ლამის წმინდანივით სუფთა როკო. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტანკრედის როლი ასევე ვისკონტის „ლეოპარდში“ (ოქროს „პალმის რტო“ 1963 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე), სადაც მისი პარტნიორები ბერტ ლანკასტერი და კლაუდია კარდინალე იყვნენ. ხოლო მიქელანჯელო ანტონიონიმ თავისი ფილმების მელანქოლიური და მგრძნობიარე მუზა – მონიკა ვიტი, თითქოს საგანგებოდ დაუპირისპირა ალენ დელონის განახიერებულ გულცივ მაკლერს, პიეროს შავ-თეთრ შედევრში, „დაბნელება“ (1962).

მოგვიანებით, 70-80-იან წლებში ალენ დელონმა არა მხოლოდ დაამტკიცა, რომ ლამის ყველა ჟანრის როლი შეუძლია ითამაშოს, არამედ ისიც, რომ თავად აირჩიოს რომელ რეჟისორთან ითამაშოს. მაგალითად, 1972 წელს ზუსტი და საკმაოდ გაბედული არჩევანი გააკეთა არაკომერციულ, საავტორო კინოზე და რეჟისორ ვალერიო ძურლინის ფილმში „მოსვენების პირველი ღამე“ ლიცეუმის მასწავლებელი განასახიერა, რომელსაც საკუთარი მოსწავლე შეუყვარდება და რომელიც ყველაფრის მიუხედავად, ქრონიკულ დეპრესიაშია.

სრულიად საპირისპირო მიზანი ჰქონდა მსახიობს ბერტრან ბლიეს აბსურდულ-სატირულ ფილმში „ჩვენი ისტორია“ (1985), რომელშიც  ალკოჰოლიკის როლი ითამაშა. როგორც ჩანს, იმდენად დამაჯერებლად, რომ ფრანგული კინოს „მთავარმა ლამაზმა კაცმა“ კარიერაში ერთადერთი ეროვნული კინოპრემია „ცეზარი“, სწორედ ამ როლისთვის მიიღო.

კიდევ ერთი უცნაურობა: თავის კარიერაში დელონს ნაკლებად ჰქონდა წარმატებული ეკრანული დუეტი კინოვარსკვლავ ქალებთან. არც ბრიჯიტ ბარდოსთან (რომელმაც ალენ დელონს „ლამაზი კომოდი“ უწოდა), არც კატრინ დენევთან, არც ჟანა მოროსთან… რა თქმა უნდა, დაუვიწყარია ეპიზოდი მილანის საკათედრო ტაძრის სახურავზე ალენ დელონსა და ანი ჟირარდოს შორის („როკო და მისი ძმები“), მაგრამ ამ ეპიზოდში უფრო ვისკონტია „დამნაშავე“. ასევე, წარმოუდგენლად კინემატოგრაფიულია ანტონიონის „დაბნელების“ კადრები, სადაც ალენ დელონის პარტნიორია მონიკა ვიტი, მაგრამ ამ ფილმის მთავარი თემა სწორედ სიყვარულისა და კონტაქტის შეუძლებლობაა. ალბათ, ერთადეთი გამონაკლისი მისი დიდი სიყვარული რომი შნაიდერია, რომელთანაც ერთად ალენ დელონი უკვე ჩამქრალი, მაგრამ ჯერ კიდევ მხურვალე სიყვარულის ისტორიას თამაშობს ფილმში „აუზი“ (რეჟისორი ჟაკ დერე, 1969).

ცხადია, ალენ დელონს ბევრ ცნობილ კინოვარსკვლავთან მოუწია მუშაობა. მათ შორის იყვნენ ორნელა მუტი, ან პარიო, ვანესა პარადი, ვირნა ლიზი… მაგრამ ამ ფილმებში მთავარი  სასიყვარულო ისტორიები არ ყოფილა; ეს რაღაც სრულიად განსხვავებული, უცხო, უკვე დავიწყებული და დასრულებული გრძნობების გაცნობიერების პროცესი იყო, რომელიც ლამის 90-იან წლებამდე გაგრძელდა…

2019 წელს მსახიობმა ინსულტი გადაიტანა, რომელმაც შემდგომში ალცჰეიმერით დაავადების პროვოცირება გამოიწვია. 2021 წელს ალენ დელონმა ინტერვიუ მისცა „პარი მაჩს“, რომელშიც განაცხადა, რომ ევთანაზიის მომხრე იყო, ხოლო მისი სურვილი 2022 წელს სიცოცხლე სწორედ ევთანაზიით დაესრულებინა, შვილებმა კატეგორიულად უარყვეს. ალენ დელონი 18 აგვისტოს, ლუარას დეპარტამენტის პატარა ქალაქ დუშის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...