Jump to content
Planeta.Ge

საფრანგეთში ყოფილი ელჩი „ოცნების“ განცხადებებს აგვისტოს ომზე, საზიანოს უწოდებს


საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ეფემერულ პოლიტიკურ ეფექტზეა” გათვლილი, რომელთაც რუსეთი სათავისოდ იყენებს და დიდ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას.

ამის შესახებ ყოფილმა ელჩმა, რომელმაც პოსტი რუსული კანონის გამო დატოვა, სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა.

„სულ ვცდილობ პოლიტიკურ დებატებს ავარიდო თავი. მაგრამ ეს არ არის უბრალო ამბავი. ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე დებატებიც მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ ახლა რუსეთი გაეროში “ჩვენს პოზიციებს” იშველიებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენდამი ჩადენილი აგრესიის გამო ბრალდებები გააბათილოს“, – წერს ჯავახიშვილი.

დიპლომატი პოსტს ურთავს ფრანგული Le Figaro-ს სტატიას, რომელიც 2012 წელს გამოქვეყნდა და სადაც მოყვანილია პუტინის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები, რომ საქართველოში შემოჭრა რუსეთის სამხედრო შტაბში რამდენიმე წლით ადრე იყო დაგეგმილი აგვისტოს ომამდე.

„აი, პასუხი, ვინ დაიწყო ომი 2008 წლის 7 აგვისტოს. და მანამდე ომი არ ჰქონდა რუსეთს ჩვენთან?

გული მტკივა, რომ მთელი ჩვენი, სრულიად სამართლიანი სტრატეგია (სტრასბურგის და ჰააგის სასამართლომ დაადასტურა და ჩვენც ხომ ვიცით), რომ რუსეთი იყო აგრესორი, შეიძლება გაბათილდეს  “ეფემერული პოლიტიკური ეფექტის” ეშხით გაკეთებული განცხადებებით და უზარმაზარ ზიანს ვაყენებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის  სტრატეგიას“, — წერს ყოფილი ელჩი.

გოჩა ჯავახიშვილი ასევე ახსენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რაშიც ქართველი დიპლომატები აღმოჩნდნენ, რადგანაც მათ მმართველი პარტიის „განცხადებების გაკეთილშობილების შეუძლებელი მისია აკისრიათ“.

„ეროვნული ინტერესი უზენაესია ყოველი პარტიულ და ბიზნესინტერესებზე“, — ასე ასრულებს თავის გამოხმაურებას გოჩა ჯავახიშვილი.

დიპლომატმა, როდესაც საფრანგეთში საქართველოს ელჩობაზე რუსულ კანონთან დაკავშირებით თქვა უარი, განაცხადა, რომ ის გარემო და განწყობა, რომელიც 2023 წელს უკან გაწვეული და 2024 წელს რეინკარნირებული რუსული კანონის გამო საქართველოს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას.

გოჩა ჯავახიშვილის მაშინდელი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს უკომენტაროდ არ დაუტოვებიათ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თქვა, რომ გოჩა ჯავახიშვილმა რუსული კანონის გამო პოსტის დატოვებით შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას და თითოეულ ღირსეულ დიპლომატს.


რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა გაეროში დმიტრი პოლიანსკიმ ჟურნალისტებთან ციტატა წაიკითხა “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან იმის “საილუსტრაციოდ”, რომ კრემლისა და საქართველოს მმართველი პარტიის პოზიციები აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ჰგავს და დასავლეთის დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება.

ომის კვლევის ინსტიტუტი ISW მმართველი პარტიის ნარატივებს ეხმიანება აგვისტოს ომთან დაკავშირებით და მას კრემლის საინფორმაციო პოლიტიკის ანარეკლად მიიჩნევს.

რუსულ პროპაგანდისტულ, სამთავრობო მედიაში აქტიურად შუქდება საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერების განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომი მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გარედან მიღებული დავალებით დაიწყო.

რუსი პროპაგანდისტები „ოცნების“ განცხადებას „აღიარებად“ აფასებენ იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი.

ამ განცხადებას რუსულ მედიასაშუალებებში სხვადასხვა სახის სიუჟეტები და სტატიები მიეძღვნა – „როსია 24“-მა, ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სამთავრობო ტელეარხმა, „ოცნების“ 8 აგვისტოს განცხადებაზე ხუთწუთიანი სიუჟეტი უჩვენა რუსეთის მცხოვრებლებს, რომელშიც ავტორი აღნიშნავს: „ახლა საქართველო აღიარებს, რომ დასავლეთი ცდილობს, ისიც ჩაითრიოს რუსეთთან ომში. ევროკომისარი პრემიერსაც კი ემუქრებოდა ფიცოს ბედით, რომელიც სასწაულით გადაურჩა ტყვიებს“.

NETGAZETI

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...