გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები - მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, ვიმეორებთ 16-წლიან მოწოდებას რუსეთის მიმართ - გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, - ამის შესახებ მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, როდესაც მან განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების, საფრანგეთის, იაპონიის, სლოვენიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, მალტას, ასევე მომავალი წევრების - საბერძნეთისა და დანიის სახელით გააკეთა.
ფრანჩესკა გატის თქმით, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და შედეგად, უკანონო სამხედრო ყოფნიდან 16 წელი გავიდა.
„2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია თავისი მეზობლებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ. ვინაიდან დღეს ჩვენ, ყველა მოწმე ვართ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის - რუსეთი განაგრძობს ამ გზას. ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტ უხეშ დარღვევას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის/ სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რაც ეწინააღმდეგება გაერო-ს წესდებას. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რუსეთის ნაბიჯები რეგიონების ანექსიისკენ ამ რეგიონების პოლიტიკურ, სამხედრო, სასამართლო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ჩარევის გზით, მათ შორის, ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემით, არაკანონიერი ე.წ. არჩევნების ჩატარებით, მათ შორის, 2024 წლის მარტში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების აფხაზეთსა და ცხინვალში ჩატარებით, ასევე 2024 წლის ივნისში სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით“, - აღნიშნა ფრანჩესკა გატიმ.
მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭო გმობს რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წ####ბსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების გაგრძელებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს და, უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, ასევე, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გააქტიურებას, რომელიც ყოფს საქართველოს შიდა რეგიონებს, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებასა და გატაცებას, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებას. ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობებს. ჩვენ ასევე ვგმობთ ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე, დამნაშავეები ამ დრომდე არ არიან დასჯილი“, – დასძინა მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ.
მისი თქმით, შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს - გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და დაუშვას ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეუზღუდავი წვდომა აფხაზეთსა და ცხინვალში. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ, ნებაყოფლობით და შეუფერხებლად დაბრუნების შესაძლებლობის აუცილებლობას.
„ჩვენ ერთგული ვრჩებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, რომელიც არის ერთადერთი ფორმატი იმისთვის, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება იქნას უზრუნველყოფილი, რომელსაც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს - გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდე პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი წვდომა. ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებით გადაწყვეტის აუცილებლობას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, ვიმეორებთ 16-წლიან მოწოდებას რუსეთის მიმართ - გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და უზრუნველყოს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების წვდომა აღნიშნულ რეგიონებში“, - აღნიშნა ფრანჩესკა გატიმ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.