ბექა ლილუაშვილი - სააკაშვილი ისეთივე მატყუარაა, როგორც ივანიშვილი, ერთმანეთის მაცოცხლებელ-მასულდგმულებელი სუბიექტები არიან
სააკაშვილი ისეთივე მატყუარაა, როგორც ივანიშვილი. ერთმანეთის მაცოცხლებელი, მასულდგმულებელი სუბიექტები არიან - ძალიან მკვახე ტყუილი გამოუვიდა, მეორე დღესვე გამოაშკარავდა ეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.
ლილუაშვილის თქმით, რომ არა “ქართული ოცნების” მოწადინება, რომ სააკაშვილისგან პოლიტიკური საფრთხობელა შექმნას, ყოფილი პრეზიდენტი აქტუალობას ქვეყნის შიგნითაც დაკარგავდა”.
„რა არ უგულისხმია? გამოვიდა და თქვა, ჩემზე და ჩემს თავისუფლებაზეა მომართული მთელი დასავლური სამყაროო. რთულია მოიტყუო და მერე, უკაცრავად ჟარგონისთვის და - ეძებო გზები როგორ “გააპრავო” ეს ტყუილი. ძალიან მკვახე ტყუილი გამოუვიდა, მეორე დღესვე გამოაშკარავდა ეს. ფაქტობრივად, ისეთივე მატყუარაა, როგორც ივანიშვილი. ერთმანეთის მაცოცხლებელი, მასულდგმულებელი სუბიექტები არიან. ბევრჯერ გვითქვამს, სააკაშვილი საერთაშორისო პოლიტიკურ კონტექსტში არ წარმოადგენს ინტერესის ფიგურას. რომ არა მოწადინება “ქართული ოცნების”, რომ მისგან კიდევ შექმნან პოლიტიკური საფრთხობელა, ქვეყნის შიგნითაც დაკარგავდა აქტუალობას”,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ამასთან, ლილუაშვილმა ისაუბრა “ევროპული საქართველოს” ყოფილი ლიდერის, გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართება.
დეპუტატის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” შლეიფისა და იდეოლოგიის პარტიები, “ნაცმოძრაობას” უნდა შეუერთდნენ”.
„რაღას წვალობენ ეს რაღაც, „ნაციონალური მოძრაობის” შლეიფისა და იდეოლოგიის პარტიები. ადგნენ და შეუერთდნენ „ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც თავისუფალ ვარდნაშია. ერთი, ერთნახევარ პროცენტის შედეგს მაინც მიიტანენ იქ და მადლიერები დაურჩებიან „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. ჩემი აზრით, შანსები არ აქვთ და მგონია, რომ ტყუილად წვალობენ და გვაწვალებენ ჩვენც”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც განმარტავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.