არ შეიძლება დენის და გაზის გარეშე რჩებოდეს ოჯახი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ - ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება ზუგდიდში მომხდარ ხანძარს და საუბრობს მედიაში მეზობლებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს ინციდენტის დღეს გადაუხდელობის გამო დენი და გაზი არ მიეწოდებოდა.
„ბავშვი სიღარიბის გამო ოჯახიდან არ უნდა გაიყვანონ, ოჯახში უნდა იზრდებოდეს, სადაც სახელმწიფომ უნდა შეუქმნას არსებობის ელემენტარული პირობები. არ შეიძლება დენის და გაზის გარეშე რჩებოდეს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა ამაზე არ ზრუნავს, არ აინტერესებს, ვერ ხედავს ამ ბავშვებს… მხოლოდ ჭირისუფლად ჩამოდგომა იციან არჩევნებზე ხმების დაკარგვის შიშით…”, – წერს ლომჯარია.
გუშინ, ღამით, ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. სახლში ასევე იმყოფებოდა კიდევ ორი მოზარდი, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, მათ არ აღენიშნებათ დამწვრობის ნიშნები და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მეზობლები მედიასთან ამბობენ, რომ ინციდენტის დღეს ოჯახს დენი და გაზი გადაუხდელობის გამო არ მიეწოდებოდა. მათივე ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, რაღაც დროის წინ კი, როცა დედას შემოსავალი გაუჩნდა, შვილები დაიბრუნა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
„ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ. „პუბლიკა” დამატებითი დეტალებისთვის დაკავშირებას სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ცდილობს.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.