ექიმის ცნობით, ზუგდიდში ხანძრის დროს გადარჩენილი ორი მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ზუგდიდში ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ექიმი მედიასთან აღნიშნავს, მათ თავდაპირველად მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდათ, თუმცა ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ კომენტარი ექიმმა „მთავარ არხთან” გააკეთა.
„მომხდარი ინციდენტის შედეგად სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ღამის საათებში შემოყვანილი იქნა ორი მოზარდი, რომლებიც მოთავსდნენ გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით იყვნენ შემოყვანილი, ორივეს გაეწია შესაბამისი პირველადი დახმარება. ორივე მათგანის მდგომარეობა ამ წუთისთვის არის დამაკმაყოფილებელი. ჯერ-ჯერობით კლინიკაში რჩებიან დაკვირვების მიზნით. დამწვრობის ნიშნები არ აღენიშნებათ”, – აღნიშნავს ექიმი.
გუშინ ღამით ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. მეზობლები მედიასთან ამბობენ, რომ ინციდენტის დღეს ოჯახს დენი და გაზი გადაუხდელობის გამო არ მიეწოდებოდა. მათივე ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, რაღაც დროის წინ კი, როცა დედას შემოსავალი გაუჩნდა, შვილები დაიბრუნა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.