Jump to content
Planeta.Ge

რეალური მიზეზი, თუ რატომ იყო ამოთხრილი ბაობაბები 2 წელი კენიაში გაჩერებული


შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია 8 ბაობაბის გახმობაში ბიძინა ივანიშვილის ოპონენტებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათი “ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების” გამო პროვოცირებული სამართლებრივი პროცესების შედეგად კენიაში ხეებს ამოთხრილ მდგომარეობაში ყოფნა თითქმის ორი წლის განმავლობაში მოუწიათ, რამაც მოგვიანებით ისინი გაახმო.

სხვადასხვა სამართლებრივი პროცესები კენიაში მართლაც თითქმის 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა რეალურად ამის მიზეზი არა ივანიშვილის ქართველი ოპონენტები, არამედ კენიის მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი იყვნენ. ისინი ცდილობდნენ გაერკვიათ, არღვევდა თუ არა ხეების გადარგვა ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

რა ხდება?

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში 2023 წლის ნოემბერში დარგული რვავე ბაობაბის ხე გახმა, რაშიც პარკის ადმინისტრაციამ ივანიშვილის ოპონენტები დაადანაშაულა.

პარკის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლირებადი მედია, დამკვეთების არაჯანსაღი ინტერესების და ვნებების კვალდაკვალ“ მთელი თავისი რესურსით ებრძვის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით დაბა შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის პროექტს და ასე მოხდა კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვისას.

 

რა ხდებოდა კენიაში?

2019 წელს კონკრეტულმა ქართულმა ჯგუფმა, რომელსაც მოქალაქე გიორგი გვასალია ხელმძღვანელობდა, კენიაში დაიწყო გიგანტური ბაობაბების მოძიება. ისინი იყენებდნენ დრონებსაც, რათა “საუკეთესო” ხეები ამოერჩიათ.

2021 წელს გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც, კენიის სანაპიროდან მრავალსაუკუნოვანი ბაობაბის ხეები საქართველოში, შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში უნდა გადმოეტანათ.

The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ 2021 წელს დაფიქსირდა შემთხვევები, როცა კილიფის ოლქში ფერმერები თავიანთი ფერმებიდან ბაობაბის ხეებს ყიდდნენ კავკასიის რეგიონში. ამ სტატიას მოჰყვა გამოხმაურება ინტერნეტში, მათ შორის National Geographic-ის მკვლევრის, პაულა კაჰუმბუსგან და ასევე, საზოგადოების პროტესტი. The Guardian-ის სტატიის მიხედვით, კილიფის სხვადასხვა რაიონში ხეების ამოღებასა და ექსპორტზე ქართველი გიორგი გვასალია იყო პასუხისმგებელი, რომელიც როგორც შემდგომში გაირკვა, სწორედ შეკვეთილში გადმოსატანად იძიებდა ხეებს.

ბრიტანული The Guardian-ის ცნობით, მინიმუმ 8 ხე ადგილობრივმა ფერმერებმა თავიანთი კერძო მიწებიდან გაყიდეს ფასებში, რომლებიც $800-დან $2400-მდე მერყეობდა.

ამ ამბავს კენიის მთავრობამაც მიაქცია ყურადღება. პრეზიდენტმა უილიამ რუტომ მოითხოვა გამოძიება, რათა დარწმუნებულიყო, რომ ხეების გადარგვა არ არღვევდა ბიომრავალფეროვნების კონვენციას (CBD) და ნაგოიას პროტოკოლს.

ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია არის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დასაცავად. ეს არის იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება, რომელსაც 196 ქვეყანა უერთდება, მათ შორის კენია და საქართველო. ნაგოიას პროტოკოლი, თავის მხრივ, არის 2010 წელს მიღებული შეთანხმება CBD-ის საფუძველზე. იგი ითვალისწინებს გენეტიკური რესურსების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ფულადი სარგებლის გაზიარების ჩარჩოებს.

პრეზიდენტის ზემოაღნიშნული მოთხოვნის შემდეგ, კენიის გარემოს დაცვის სამინისტრომ გააუქმა ლიცენზია, რომლის ძალითაც უცხოურ კომპანიას ქვეყნის ტერიტორიაზე ბაობაბის 8 ხე უნდა ამოეთხარა და საქართველოში წაეღო.

სამინისტროს ცნობით, სწორედ კილიფის ოლქის მოსახლეებსა და კერძო კომპანიას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელს ბაობაბის 8 ხე უნდა ამოეთხარა და ექსპორტზე გაეტანა საქართველოში.

დოკუმენტში დაკონკრეტებული არ იყო ხეების მფლობელის ვინაობა, თუმცა იმ მომენტისთვის უკვე ცნობილი ფაქტი იყო, რომ იშვიათი, გიგანტური ხეების შეძენითა და შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ტრანსპორტირებით დაინტერესებული ერთადერთი ადამიანი საქართველოში ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელმაც საქართველოს არაერთ მუნიციპალიტეტში შეიძინა გიგანტური ხეები, ამოთხარა და სხვადასხვა საშუალებით დენდროლოგიურ პარკში გადაიტანა.

კენიის გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, უცხოურმა კომპანიამ ისე დაიწყო ხეების ამოთხრა, რომ შესაბამისი ნებართვა არ ჰქონია. განცხადების მიხედვით, შემდეგ კომპანიამ მოიპოვა ლიცენზია, თუმცა “არალეგალურად”.

გამოძიების შემდეგ, 2022 წლის ნოემბერში გაუქმდა როგორც ხეების მიწიდან ამოღების, ისე მათი ტრანსპორტირების ლიცენზიები.

გარემოს დამცველები კენიაში ბაობაბების საქართველოში ექსპორტს “ბიომეკობრეობას” უწოდებდნენ და ეწინააღმდეგებიან კენიის ტერიტორიიდან გატანას ხეებისა, რომლებიც ბუნებრივ ჰაბიტატს ქმნის მრავალი მწერისთვის, რეპტილიისა თუ ფრინველისთვის.

ბიომეკობრეობა არის ბიოლოგიური რესურსების უნებართვო შეძენა და გამოყენება. კენიაში ადგილობრივი მედიის ცნობით, გიორგი გვასალია ამბობდა, რომ მან მას შემდეგ დაიწყო ხეების ძიება, რაც გაიგო, რომ ადგილობრივები ბაობაბებს სამეურნეო მიზნებისთვის ჭრიდნენ.

2023 წლის თებერვალში აღდგა გადაწყვეტილება, როცა კენიის სატყეო სამსახურმა გიორგი გვასალიას ნებართვა მისცა, ბაობაბები საქართველოში გაეტანა. უწყება დასძენდა, რომ ხსენებული ხე გადაშენების პირას მყოფი სახეობა არ იყო და მას არც დაცული ხის სახეობის სტატუსი ჰქონდა კენიაში.

მიუხედავად თებერვალში მიღებული გადაწყვეტილებისა, 2023 წლის აპრილში კენიის პარლამენტში ჯერ კიდევ იძიებდნენ ბაობაბების საქართველოში ექსპორტის შეთანხმებას. ადგილობრივი მედიის თანახმად, ისინი სამ სახელმწიფო უწყებას ადანაშაულებდნენ ხეების გაყიდვის დროს გამჭვირვალობის ნაკლებობასა და კორუფციაში.

როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებმა კენიის გარემოს მართვის ეროვნული ორგანოს, მცენარეთა ინსპექტირების სამსახურისა და სატყეო სამსახურის წარმომადგენლები დაიბარეს, რათა ნათელი მოეფინათ ექსპორტის შესახებ შეთანხმების დეტალებისთვის.

დეპუტატები ჩიოდნენ, რომ უწყებებმა ვერ უზრუნველყვეს მყიდველის (გიორგი გვასალიას) მიერ თავისი ვალდებულებების შესრულების გარანტირებულობა იქამდე, სანამ ექსპორტისთვის გამზადებულ ხეებს მიწიდან ამოიღებდნენ.

საბოლოოდ, განხილვა გიორგი გვასალიას სასარგებლოდ დასრულდა და 2023 წლის ნოემბერში რვავე ბაობაბი საქართველოში ჩამოვიდა.

2023 წლის 3 დეკემბრიდან ბაობაბების ნახვა უკვე შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში იყო შესაძლებელი.

რით გამოირჩევა ბაობაბი?

ბაობაბის ხე ასეულობით წელს ცოცხლობს და მკაცრ კლიმატურ პირობებსაც უძლებს. ევროპაში ბაობაბის ნაყოფის ექსპორტის დაწყების შემდეგ, ეს უკანასკნელი “სუპერსაკვებად” აღიარეს ვიტამინ C-ს, ანტიოქსიდანტების, კალციუმის, კალიუმის მაღალი შემცველობის გამო.

იმისათვის, რომ ნაყოფი გამოისხას, ბაობაბს ორი ათწლეული სჭირდება. ამის გამო ზოგიერთი ფერმერი სწრაფ ეკონომიკურ სარგებელს არჩევს, ხის გაყიდვისა და იქ სიმინდისა თუ სხვა მარცვლეულის დათესვის გზით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში ბაობაბები შემოაქვთ. ერთ-ერთი ხე დადგეს სასტუმრო “პარაგრაფში”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტია.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...