შოვის სტიქიაზე ახალი მასალების გამოქვეყნების შემდეგ ლაშა სუხიშვილი საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი, საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს და კითხვები შოვის 2023 წლის სტიქიის კვლევის ახალი მასალების შესახებ დაუსვეს, რომელიც ინსტიტუტმა აგვისტოს დასაწყისში გაასაჯაროვა.
სატელიტური მონაცემების გაანალიზების შედეგად, ინსტიტუტი ამბობს, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამდელი მონაცემები განსხვავებულია წინა წლების მონაცემებისგან, რაც აჩვენებს, რომ სტიქიის კერა გამორჩეულად არასტაბილური იყო კლდეზვავის აქტიური ფაზის დაწყებამდეც. როგორც ინსტიტუტი განმარტავს, ეს არ ნიშნავს სტიქიის გარდაუვალობას, მაგრამ ნიშანია, რომ მსგავსი რისკი არსებობს.
ინსტიტუტი სატელიტურ და სეისმურ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ „წინასწარი და ადრეული შეტყობინების სისტემების არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია 2 საათით ადრე იარსებებდა და შესაძლებელი იქნებოდა განგაშის გამოცხადება“.
როგორც ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი ამბობს, გამომძიებლის ზარი იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მასალების საგამოძიებო პროცესში ჩართვა სურდათ, არ გაჰკვირვებია, რამდენადაც ეს ასეც უნდა იყოს. ეჭვები გააჩინა იმან, რომ გამოძიებას სეისმური მონაცემები აინტერესებდა, რაზეც ხუციშვილმა უპასუხა, რომ ის სეისმოლოგი არ იყო და ამასთან დაკავშირებით, გამოძიებას კომპეტენტურ პასუხებს თეა გოდოლაძე გასცემდა — დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი და სეისმოლოგი.
„პასუხად მივიღე, რომ ეს არის უბრალოდ მასალების საქმეში ჩართვის პროცედურა და ამაში განსაკუთრებული არაფერია. დღეს [9 აგვისტო] მივედი საგამოძიებო სამსახურში და აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა კითხვა შეეხება სეისმოლოგიას, რისი პროფესიონალიც მე არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე ვაფიქსირებდი, მე არ ვიცი სეისმოლოგია, კითხვები მაინც ამას შეეხებოდა“, — ამბობს ლაშა ხუციშვილი.
თეა გოდოლაძე თვლის, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ანგარიშსწორების სურვილზე მიანიშნებდეს მეცნიერების მიმართ, რომლებიც რაჭაში მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებით, ხელისუფლების ნარატივს არ იზიარებენ.
„ეს ყველაფერი საეჭვოა იმ ფონზე, როცა ვისმენთ პრემიერმინისტრის სამარცხვინო განცხადებას, ბრალდებებს ოდიოზური მედიასაშუალებებიდან, სადაც მე ვყოფილვარ „ენჯეოშნიცა“ და თურმე ჩვენი მოსაზრებები გაბათილებულია შვეიცარიელი კოლეგების მიერ. შვეიცარიელი კოლეგების მიერ გაბათილებული ეს მონაცემები ვერ იქნება იმიტომ, რომ ისინი ამ პროფილის არ არიან და მეორეც — დაგვეთანხმნენ ისინი ერთი წლის წინ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემები უნდა არსებობდეს მსგავს დასახლებულ პუნქტებში და დაამთავრეს ამაზე საუბარი. ეს ძალიან ცხადად წერია მათ დასკვნაში, რომელიც ქართულად არასწორად განზრახ ითარგმნა“, — ამბობს თეა გოდოლაძე.
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტში თვლიან, რომ სატელიტური მონაცემების დამუშავება, რომელსაც შეუძლია სტიქიის წინამორბედ პროცესები გვაჩვენოს, წინასწარი შეტყობინების სისტემის კომპონენტად შეიძლება იქცეს, რაც ეწინააღმდეგება ხელისუფლების განცხადებებს.
„ლაშასთან საუბრის მერე დავურეკე გამომძიებელს და ვუთხარი, წინასწარი შეტყობინების კომპონენტად არის ასევე სატელიტური მონაცემები, სადაც კლდე-ზვავის მომზადების პროცესია და ნიშნები დნობის. რატომ არ მოხდა ამ მონაცემთან დაკავშირებით ლაშას დაკითხვა? რატომ იყო აპელირება სეისმოლოგიაზე, რაზეც მან პასუხი ვერ გამცა და თქვა, რომ შემდეგ კიდევ დაგიბარებთო.
ჩემი ეჭვია, რომ ამოღება უნდათ ამ მასალის განჩინებით, შემდეგ გადააგზავნიან ექსპერტიზისთვის სამხარაულში და ვინ უნდა გააკეთოს ამ მონაცემების ანალიზი? გარემოს სააგენტოს არცერთი შესაბამისი სპეციალისტი არ ჰყავს, სამხარაულს შესაბამისი სპეციალისტები არ ჰყავს“, — ამბობს გოდოლაძე.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შოვში 2023 წლის აგვისტოში კლდეზვავი განვითარდა მყინვარ თბილისას თავზე ზ.დ. 3850 მ სიმაღლეზე, სამხრეთ-აღმოსავლეთით ციცაბოდ დახრილ ფერდზე.
კერიდან ჯამში დაიძრა და მყინვარ თბილისას შეეჯახა დაახლოებით 1 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მასალა.
შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა. სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი არასრულწლოვანის ცხედარი დაკარგულად ითვლება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, შოვში განგაშის სისტემის მოწყობა ვერ იქნებოდა ეფექტიანი დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად. ამავდროულად, დასკვნის თანახმად, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 აგვისტოს შოვში განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მზადაა, შეხვდეს შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ყველა დაინტერესებულ პირს და გაუზიაროს ინფორმაცია გამოძიების შედეგებზე.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.