Jump to content
Planeta.Ge

გერგეტის სამების რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიას თანამშრომლობა შეუწყვიტეს


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მან გერგეტის სამების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „ჯავა კონსტრაქშენთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა.

სააგენტო მიზეზად შემსრულებელი კომპანიის მხრიდან არსებულ „მნიშვნელოვან დარღვევებს” ასახელებს. მათივე ცნობით, შემსრულებელ კომპანიას პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრეს.

„კერძოდ, სააგენტოს მხრიდან განხორციელებული არაერთი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მნიშვნელოვანი დარღვევით მიმდინარეობდა, რის გამოც სააგენტომ შემსრულებელი არაერთხელ გააფრთხილა წერილობით და სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად წარმართვისკენ მოუწოდა. ასევე, სააგენტომ გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამო, მიმდინარე წლის 8 ივლისს, შპს „ჯავა კონსტრაქშენს“ პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრა.

აღნიშნულის მიუხედავად, პროექტით განსაზღვრული ერთ-ერთი ძირითადი სამუშაო – ტაძარზე სახურავის მოწყობა, რომელიც შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით 2024 წლის 25 აპრილს უნდა დაწყებულიყო, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტამდე (2024 წლის 2 აგვისტო) არ დაწყებულა და არ მომხდარა სახურავის მოწყობის სამუშაოთა წარმართვისათვის საჭირო მასალების ადგილზე მობილიზება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა შპს „ჯავა კონსტრაქშენთან“ 2024 წლის 27 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება და შემსრულებელ კომპანიას 73 680 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „ჯავა კონსტრაქშენს“, შორის 614 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2024 წლის 27 თებერვალს გაფორმდა.

განმეორებითი ტენდერი გერგეტის სამების რეაბილიტაციისთვის უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...