რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვისთვის - საიას განცხადება
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” შოვის ტრაგედიის ერთი წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ რაჭაში 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარებულმა უმძიმესმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა ბუნებრივი კატასტროფების მართვის და მათზე რეაგირების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია, მათ შორის, კანონმდებლობის აღსრულებასთან, პოლიტიკის შემუშავებასთან, საზოგადოების ინფორმირებასთან და მომხდარის ეფექტიან გამოძიებასთან.
საია პრობლემურად მიიჩნევს ფაქტს, რომ ქვეყანას კვლავ არ გააჩნია ადრეული გაფრთხილების სისტემები, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციას/მინიმუმამდე შემცირებას და წარმოადგენს,როგორც საქართველოს კანონმდებლობიდან, ასევე, სენდაის ჩარჩო – პროგრამიდან გამომდინარე ვალდებულებას.
„აღსანიშნავია, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული 2021 წლის გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, „შოვი სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბულ უბნებს მიეკუთვნება“. ბიულეტენში საუბარია მდ. დღვიორასა და მის კალაპოტში განვითარებული ღვარცოფული პროცესებიდან შოვის ინფრასტრუქტურისთვის შექმნილ საფრთხეზე, აშკარაა, რომ კურორტი შოვი მაღალი რისკის ქვეშ მოქცეულ უბანს განეკუთვნება და აქ აუცილებელი იყო შესაძლო რისკებისა და საფრთხეების სრულყოფილად გამოკვლევა, ანალიზი და მონიტორინგი. უცნობია, აღნიშნული რისკის ადეკვატურად სამართავად რა ღონისძიებები გაატარეს პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა”.
საიამ 2023 წელს მოამზადა საადვოკაციო დოკუმეტი საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან დაკავშირებით – ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2023 წელს რაჭასა და გურიაში განვითარებული მოვლენების მაგალითზე, რომელშიც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დასმული ბევრი საკვანძო შეკითხვა კვლავ პასუხგაუცემელია.
„საადვოკაციო დოკუმენტი ეფუძნება საქართველოში ბუნებრივი კატასტროფის რისკის მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზს. კონკრეტულად, მასში განხილულია, რა ტიპის საკანონმდებლო მოწესრიგება არსებობს ამ მხრივ ქვეყანაში როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე და რა ვალდებულებები აკისრიათ სახელმწიფო ორგანოებს ბუნებრივი კატასტროფის რისკის ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად.
დოკუმენტში გამოკვეთილია ის საერთაშორისო ვალდებულებებიც, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში ეკისრება, აგრეთვე, ხაზგასმულია ამ ვალდებულებათა სწრაფად და ეფექტიანად შესრულების საჭიროება. გარდა ამისა, მასში განხილულია ქვეყანაში არსებული პოლიტიკის დოკუმენტები, სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები ბუნებრივი კატასტროფის რისკის მართვის სფეროში, რათა უკეთ გამოჩნდეს, რა გამოწვევებისა და საჭიროებების წინაშე დგას სახელმწიფო, როგორ სრულდება ამ დოკუმენტებით განსაზღვრული მიზნები და კონკრეტული ქმედებები.
საჯაროდ ხელმისაწვდომი ოფიციალური მასალებისა და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დოკუმენტში გაანალიზებულია, თუ რა პრობლემები, გამოწვევები და სავარაუდო დარღვევები შეიძლებოდა გამოვლენილიყო სახელმწიფო ორგანოების მხრიდან რაჭასა და გურიაში ბუნებრივი კატასტროფის რისკის მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების დროს. ასევე, მიმოხილულია ეფექტიანი გამოძიების წარმოების საერთაშორისო სტანდარტები და გამოკვეთილია მიმდინარე საგამოძიებო პროცესში არსებული ხარვეზები”, – ნათქვამია განცხადებაში.
საიას განცხადებით, დღეის მონაცემებით, საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში არ იკვეთება, რომ შესწავლილი და შეფასებულია, თუ რის საფუძველზე დამტკიცდა 2022 წლის 18 დეკემბერს კურორტ შოვის განაშენიანების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მომხდარი სტიქიის ზონაში სასტუმროს ტიპის საცხოვრებლების მშენებლობის უფლების გაცემას, გეოლოგიურ ბიულეტენში იდენტიფიცირებული რისკის მიუხედავად.
„საყურადღებოა შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მიერ ტრაგედიის ადგილზე გაცემული დაპირებები, მათ შორის, მშენებლობასთან დაკავშირებით, იმის ფონზე, რომ შოვის ტერიტორიაზე არსებული მშენებლობების დროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მხრიდან რისკების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებასა და საფრთხის შემცველი მშენებლობების შესაძლო უგულებელყოფასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობდა.
ასევე, უცნობია სტიქიური პროცესების განვითარებამდე მიმდინარეობდა თუ არა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საჭირო ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფის რისკების დასადგენად; რატომ ვერ მოხდა საფრთხის დროული იდენტიფიცირება, რა სისტემური ხარვეზები არსებობს ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების დროს და რა პრობლემებს აწყდებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ამ პროცესში ან რა ნაბიჯები გადაიდგა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად”.
ამასთან, საიაში საუბრობენ იმაზე, რომ წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა კონკრეტულად მდ. ბუბისწყლისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ ინფორმაციას ხშირად აწვდიდა ადგილობრივ ხელისუფლებას, მოითხოვდა მდინარის ნაპირების გამაგრებასა და, ზოგადად, შოვში გარემოს მდგომარეობით დაინტერესებას – მათი განცხადებით, ამის მიუხედავად, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, რატომ ვერ მოხდა თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან აღნიშნული რისკებით დაინტერესება.
„აღსანიშნავია, რომ ონის მუნიციპალიტეტში შემუშავებული არ იყო „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უსაფრთხოების პასპორტი. შოვის ტრაგედიიდან 1 წლის შემდეგ, კვლავ უცნობია, აქვს, თუ არა აღნიშნული დოკუმენტი ყველა მუნიციპალიტეტს ან რა ეტაპზეა მათი შემუშავების პროცესი და ერთვის თუ არა მათ შესაბამისი რისკის მიხედვით ზონირებული რუკები, ხოლო უსაფრთხოების პასპორტების არსებობის შემთხვევაში, რატომ არ არის ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი.
მაგალითად, ონის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 4 დეკემბრის წერილის მიხედვით, მუნიციპალიტეტში არ არსებობდა უსაფრთხოების პასპორტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის მომზადების პროცედურა.
ამას გარდა, საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ განუმარტავს საზოგადოებისთვის, სათანადო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა, თუ არა, სტიქიის ზონიდან ადამიანების დროული გაყვანა; არსებობდა თუ არა ამისთვის საჭირო საევაკუაციო გეგმები და მათი აღსრულებისთვის საჭირო ტექნიკური, მატერიალური და ადამიანური შესაძლებლობები”.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საყურადღებოა, რომ შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგაც, ტრაგედიაზე პასუხისმგებელი არცერთი პირი არ გამოვლენილა. მათი თქმით, არასამთავრობო სექტორის არაერთი მოწოდების მიუხედავად, კვლავ პრობლემურია საქმეზე მიმდინარე გამოძიების კვალიფიკაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საგამოძიებო ორგანო არ არის დაინტერესებული სრულად და ყოველმხრივ აწარმოოს გამოძიება.
საიას ცნობით, პროკურატურას ამ დრომდე არ უცნია დაზარალებულად შოვში სტიქიას გადარჩენილი პირების ნაწილი, მათ შორის ბავშვები, რომლებიც უშუალოდ ღვარცოფულ მასაში იმყოფებოდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში.
„ტრაგედიის მასშტაბის გათვალისწინებით, ცხადია, მთელი წელი მაღალი იყო მიმდინარე გამოძიების მიმართ საზოგადოების ინტერესი, თუმცა საგამოძიებო უწყებებმა საზოგადოების ინფორმირების ნაცვლად, სს საქმეში ჩართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატსაც კი, ჯერ უარი უთხრეს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების გადაცემაზე, ხოლო 2024 წლის თებერვალში შეუზღუდეს საქმის მასალების შინაარსზე საჯაროდ საუბარი. აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ საგამოძიებო ორგანო ორიენტირებულია გაექცეს გამოძიების გარშემო არსებულ მწვავე კითხვებს და ფორმალურად აწარმოებს გამოძიებას”.
საია მოუწოდებს:
- გარემოს ეროვნულ სააგენტოს, უზრუნველყოს ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება მოსალოდნელ ბუნებრივ კატასტროფათა რისკების დასადგენად; მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, რა გამოწვევები არსებობს ამ მხრივ და რა ნაბიჯები გადაიდგა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ აღმოსაფხვრელად;
- მუნიციპალიტეტებს, შეიმუშაონ უსაფრთხოების პასპორტები. მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით და რა ეტაპზეა მათი შემუშავების პროცესი;
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა ადრეული შეტყობინების სისტემის შემუშავებისთვის და რა ეტაპზეა აღნიშნული პროცესი;
- პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს, მიაწოდონ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მათი შედეგების შესახებ, ასევე, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე (განსაცდელში მიტოვება) და 342-ე (სამსახურებრივი გულგრილობა) მუხლებით გათვალისწინებული კვალიფიკაციით.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.