Jump to content
Planeta.Ge

აშშ მთავარი პარტნიორი, მათ შორის, ჯანმრთელობის სფეროში – გამყრელიძე დახმარების შეჩერებაზე


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აშშ ჯანდაცვის სფეროში საქართველოს ყველაზე მთავარი პარტნიორია.

როგორც ის „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, არ ჰგონია, რომ აშშ-ს საქართველოსთვის დახმარების შეჩერება ჯანდაცვის სფეროდან დაეწყო.

კერძოდ, „ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.

როგორც გამყრელიძე ამბობს, მისი ინფორმაციით, ზუსტი გადაწყვეტილებები, ალბათ, მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.

„რატომღაც მგონია, რომ ჯანმრთელობის სფეროთი არ დაიწყება. რა თქმა უნდა, ამერიკელების როლი ძალიან დიდია. მოგეხსენებათ, ამერიკა ჩვენი ყველაზე მთავარი პოლიტიკური, ეკონომიკური და ყველანაირი პარტნიორია, მათ შორის ჯანმრთელობის სფეროში. 2018 წლიდან სახელმწიფო აფინანსებს ამ ლაბორატორიული სისტემის შენახვის ხარჯებს, მაგრამ გრძელდება სერიოზული დახმარება.

2022 წლის აგვისტოში გვქონდა გრანტები და დიდი პროექტები, არა მარტო ამერიკული, აქ იყო ევროკავშირი და გაეროც და ა.ს. დაახლოებით, 10 მილიონი ლარის ოდენობის. რა თქმა უნდა, არ იქნება კარგი თუ ეს პროექტები შეჩერდა. ეს პროექტები მარტო იმისთვის კი არ არის, რომ კვლევა აწარმოო და მერე სტატია გამოაქვეყნო, პრაქტიკული გამოყენებისაა“, – განუცხადა „ფორმულას“ ამირან გამყრელიძემ.

ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყნის საგანძური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი სეგმენტია.

„რატომღაც შინაგანად მგონია, რომ იქნებ არ მოხდეს ეს… იმდენად მე ფინანსურს არ ვუსვამ ხაზს, რამდენადაც აი ეს პარტნიორული ურთიერთობების შეჩერება ჩვენთვის ძალიან რთული იქნება. ლუგარის ლაბორატორია გახლავთ ქვეყნის საგანძური. იქ ინახება ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო 70 წელში აღმოჩენილი ყველა საშიში ინფექციის შტამი, რომელზეც მიდის დაკვირვება და მეცნიერული კვლევები, რომ არ გამოგვეპაროს რამე თუ ქვეყნის ტერიტორიაზე გაჩნდება ეპიდემიოლოგიური საფრთხე. ის არის ბიოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა „ლაპარაკი“.

თუმცა იმნაძე არ აკონკრეტებს რა პროექტებზეა საუბარი და ამბობს, რომ „ჯერ ვერაფერს იტყვის“.

ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა ამავე მედიის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციაზე.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, 31 ივლისს გამოაცხადა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის დახმარების შეჩერების მიუხედავად, აშშ აგრძელებს ისეთი პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...