აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ლიბანი ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბილეთით დატოვონ
ბეირუთში შეერთებული შტატების საელჩო, ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ლიბანი „ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბილეთით“ დატოვონ.
საელჩომ განაცხადა, რომ მათ, ვინც ლიბანში დარჩენას ირჩევს, უნდა მოამზადონ საგანგებო გეგმები და მოემზადონ დიდი ხნის განმავლობაში თავის შეფარებისთვის.
საელჩოს განმარტებით, რამდენიმე ავიაკომპანიამ შეაჩერა და გააუქმა ფრენები ლიბანის მიმართულებით, მაგრამ ქვეყნის დასატოვებლად ხელმისაწვდომია კომერციული ტრანსპორტის ვარიანტები.
აშშ-ის საელჩოს გაფრთხილება მოჰყვა ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობას, რომელიც გოლანის მაღლობებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ბავშვისა და მოზარდის მკვლელობის შემდეგ გამწვავდა. ისრაელმა თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ შურს იძიებდა, თუმცა „ჰეზბოლამ“ თავდასხმასთან კავშირი უარყო. რამდენიმე დღის შემდეგ, ბეირუთში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუკრი დაიღუპა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ირანში „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ის ირანში პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად იმყოფებოდა.
ირანმა პირობა დადო, რომ ისრაელის წინააღმდეგ მკაცრ შურისძიებას განახორციელებს. შიშობენ, რომ ლიბანში მოქმედმა „ჰეზბოლამ“, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფმა, შესაძლოა მძიმე როლი შეასრულოს ასეთ შურისძიებაში, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ისრაელის მხრიდან სერიოზული პასუხი გამოიწვიოს.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.