Jump to content
Planeta.Ge

„მძიმე მდგომარეობაში ვართ - უფრო მეტი მეწყერსაშიში წერტილი გაჩნდა“ - რა გაკეთდა შოვის ტრაგედიის შემდეგ


„უფრო მეტი და მეტი მეწყერსაშიში და გრავიტაციული წერტილი გაჩნდა, დაემატა ისეთი ადგილები, რაც მანამდე არ იყო აღრიცხული“, - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, კლიმატური ცვლილებები კავკასიაში აქტიურად არის გავრცელებული და მოსალოდნელია, რომ მსგავსი ღვარცოფები და მეწყერები მომავალში გააქტიურდება.

„შოვის ტრაგედია იყო ყველაზე მძიმე ტრაგედია, რომელიც ჩვენ ამ ეტაპისთვის გადავიტანეთ 21-ე საუკუნეში. ვამბობ ამ ეტაპისთვის, რადგან, სამწუხაროდ, ყველა მონაცემი, რომელიც დღეს არსებობს კავკასიონთან დაკავშირებით, არ გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ დარწმუნებულად, რომ აღარ განმეორდება მსგავსი რამ.

 

შოვის დასკვნამ აჩვენა, რომ გლობალური კლიმატის ცვლილების პროცესი იმდენად აქტიურად არის შემოსული კავკასიაში, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ კიდევ მსგავს ღვარცოფებისა და მეწყერების სერიოზულ გააქტიურებას.

გარემოს ეროვნულმა სააგენტოს ბიულეტენმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ უფრო მეტი და მეტი წერტილი გაჩნდა მეწყერსაშიში და გრავიტაციული, დაემატა ისეთი ადგილები, რაც მანამდე არ იყო აღრიცხული - ჩვენ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ვიყავით“, - აღნიშნა „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე.

ამასთანავე, ჩხობაძესთან ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის მანძილზე და რა კეთდება ამ ეტაპზე იმისთვის, რომ მძიმე შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელი იყოს.

„დაიწყო შეფასება და შესწავლა ყველა იმ კრიტიკული ზონისა, სადაც არის განსაკუთრებით გააქტიურებული პროცესები. გამოყოფილია 31 მუნიციპალიტეტი რისკის მატარებელი წერტილები, სადაც არის ყველაზე მეტად დიდი რისკი.

ნებისმიერ სიტუაციაში მოსახლეობა არის მოსამზადებელი. პირველადი შეტყობინების სისტემა არ გულისხმობს მხოლოდ სიგნალს, ეს გულისხმობს იმასაც, რომ მოსახლეობაში მზაობა უნდა იყოს ნებისმიერ პროცესთან მიმართებაში - იქნება ეს წყალდიდობა, ღვარცოფი თუ მეწყერი.

პრევენციულ ღონისძიებებზე ჯერ არ გადავსულვართ, მაგრამ ყველაფერი აღრიცხულია უკვე, საფრთხეების ზონების გამოყოფა მიმდინარეობს, სადაც ინტენსიურად უნდა დაიწყოს დაგეგმარება პირველადი სისტემების. კვლევები ახლა კეთდება, შვეიცარიელები გვეხმარებიან და აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო უწყებები. ადრე თუ გვიან, საფრთხეების ზონებს მკაფიოდ გამოვყოფთ და გვეცოდინება, სად, როგორ, როდის და რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ, რომ მზაობა იყოს და დიდი მსხვერპლი არ გვქონდეს.

ამას დასჭირდება დამატებით ადაპტაციური ღონისძიებების გეგმა კლიმატთან დაკავშირებით, არის შესამუშავებელი კანონმდებლობა და სერიოზული მუშაობა უნდა დაიწყოს. ამას გვავალებს ასოცირების შეთანხმება და რეკომენდაციები, რომელიც ევროკომისიამ 2023 წელს დადო გარემოს დაცვის ნაწილში. იქ მკაფიოდ წერია, რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში.

ჯერჯერობით ვართ პროცესში და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ არასამთავრობო სექტორიც აქტიურად ჩაერთვება, რადგან ჩვენც ვმუშაობთ ამ საკითხებზე და ძირითადი ამოცანაა, რომ მოსახლეობას გავაგებინოთ, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა დაიცვას თავი. თვითგანათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვფიქრობთ, რომ სიმულაციური გაკვეთილები უნდა ჩატარდეს სკოლებში, უნდა იცოდნენ ბავშვებმა როგორ მოიქცნენ“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

შეგახსენებთ, შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს. ცნობისთვის, შოვში მომხდართან დაკავშირებით დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემებისა და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება.

 

იხილეთ ასევე: „წინასწარი შეტყობინების სისტემებისა და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება“

 
meri-tabataze-1707121688.jpg
ავტორი:
მერი ტაბატაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...