იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ საქართველოს მხარდაჭერას, საქართველო ჩვენი მჭიდრო პარტნიორია
უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ მოწყვლადები არიან, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა.
საქართველოს მხარდაჭერის კონტექსტში ალიანსის გენერალურმა მდივანმა რეფორმების განხორციელებაში თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„ამაზე ნაწილობრივ პოლიტიკური, ნაწილობრივ კი სამხედრო რეაგირება არსებობს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ მოწყვლადები არიან. საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. რუსეთი უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიების ნაწილს. ეს ასევე ეხება შესაძლებლობების გაძლიერებას, წვრთნებს და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას. ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ საქართველოს მხარდაჭერას და საქართველო ჩვენი მჭიდრო პარტნიორია. მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააკეთონ მეტი, რაც განსაკუთრებით, უკრაინაზე ბრუტალური თავდასხმის ფონზე, ხაზს უსვამს საქართველოსნაირ ქვეყანასთან უფრო აქტიურად მუშაობის მნიშვნელობას.
ასევე, ვფიქრობ, ეს ეხება საქართველოს მიერ აუცილებელი რეფორმების განხორციელებას და იმ ზოგიერთი საკითხის გადაჭრას, როგორიცაა კორუფციისა და უსაფრთხოების ინსტიტუციების დემოკრატიული კონტროლი. რაც უფრო მეტად გადაჭრის ამ პრობლემებს საქართველო, უფრო მარტივი იქნება აუცილებელი მხარდაჭერის მობილიზება ნატო-ს მოკავშირეებისგან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.