აშშ-მა ჩამოთვალა ქმედებები, რომლებიც საქართველოს დახმარების მისაღებად სჭირდება
„დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას უცხოური გავლენის კანონის გაუქმებით, სხვა პრობლემური კანონმდებლობის უკან გაწვევით, დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტით, არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალობის უზრუნველყოფით და საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დაშვებით“, — ეს იმ ქმედებების ჩამონათვალია, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ ვედანტ პატელის თქმით, შეესაბამებოდა ვაშინგტონის მხარდაჭერას დემოკრატიული პარტნიორისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, 31 ივლისს გამოაცხადა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის დახმარების შეჩერების მიუხედავად, აშშ აგრძელებს ისეთი პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე Foreign Press USA-ს კორესპონდენტმა ალექს რაუფოღლუმ ვედანტ პატელს ჰკითხა, დაასრულა თუ არა შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების მიმოხილვა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა უპასუხა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა კვლავ გრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, ვაშინგტონი მზადაა, გადადგას დამატებითი თუ შესაბამისი ნაბიჯები.
„მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ცალსახად გამოწვევის წინაშე დგას, შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი ხალხისა და მისი [ევრო-ატლანტიკური] მისწრაფებებისადმი ურყევია… დამხმარე პროგრამები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მთავრობას სარგებელს მოუტანს, შეჩერდება, ვიდრე ჩვენ ვაგრძელებთ ორმხრივი ურთიერთობების უფრო ფართო შეფასებას. ზოგიერთ შემთხვევაში, დამხმარე პროგრამები შეიძლება შეიცვალოს, რათა რესურსები გადამისამართდეს კონკრეტულ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე“, — განაცხადა პატელმა.
მისივე თქმით, აშშ-მა ეს ნაბიჯი გადადგა საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობის ნორმებთან.
„გვახსოვდეს, რომ ქართველების თითქმის 80% მხარს უჭერს წევრობას, მაგრამ საქართველოს მთავრობა მისი ქმედებებით, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელება მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ, ქვეყანას მისი მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებებისგან აშორებს“, — აღნიშნა პატელმა.
„ქართული ოცნების“ კონსპირაციაა, თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩართვა სურს. აშშ-ის და ევროკავშირის სტრუქტურებზე გლობალური ომის პარტიის გავლენით ხსნის „ოცნება“ იმ კრიტიკას და ურთიერთობების გაუარესებას, რომელიც რეალურად საქართველოში დემოკრატიის უკუსვლითაა გამოწვეული.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.