Jump to content
Planeta.Ge

ხერსონის ოლქის ხელმძღვანელობა სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს


რუსეთის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ სამშაბათს საღამოს განაცხადა, რომ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის რაიონებიდან მასობრივად გაიყვანენ სამოქალაქო მოსახლეობას. მისი სიტყვებით, ეს აუცილებელია საომარი მოქმედებების მოსალოდნელი გამწვავების გამო.

„მივიღე მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება... იქ, სადაც სამხედროები მოქმედებენ, სამოქალაქო ადამიანების ადგილი არ არის“, - თქვა მან.

მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ოლქის ცენტრი ხერსონიც.

დღესვე უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა ხერსონის მიმართულებაზე ვითარებას დაძაბული უწოდა. მან განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები კვლავაც ცდილობენ რუსეთის ჯარების დაცვის გარღვევას და რომ რუსეთის არმია თავდაცვით სიმაგრეებს აგებს. სუროვიკინმა ასევე ახსენა, რომ რუსეთის ჯარები უზრუნველყოფენ საბრძოლო მოქმედებების რეგიონებიდან სამოქალაქო მოსახლეობის გაყვანას. გენერლის სიტყვებით, ხერსონთან მიმართებით შესაძლოა „არამარტივი გადაწყვეტილებების“ მიღება.

ხერსონის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა 13 და 14 ოქტომბერს ოლქის მოსახლეობას მიმართა წინადადებით, გამოიყენონ შესაძლებლობა „რუსეთის ფედერაციაში ჰუმანიტარული მოგზაურობისთვის - დასასვენებლად და გასაჯანსაღებლად“. რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხერსონის ოლქის მოსახლეობისთვის დახმარების თაობაზე, ქვეყნის სხვა რეგიონებში მათ გასაყვანად. მან ასევე გამოაცხადა, რომ ოლქის ის მაცხოვრებლები, რომლებიც გადაწყვეტენ რუსეთში დიდი ხნით გადასვლას, შეძლებენ მიიღონ ბინები და დააზუსტა, რომ ამისთვის შემუშავებულია საცხოვრებელი სერტიფიკატების მინიჭების პროგრამა.

რუსეთის ჯარებმა ხერსონი ომის დასაწყისში ჩაიგდეს ხელში. ის შვიდ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება რუსეთის კონტროლქვეშ. შემოდგომის დადგომასთან ერთად უკრაინამ დაიწყო აქტიური კონტრიერიში, მათ შორის ხერსონის მიმართულებითაც.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...