შუქრუთის პროტესტის 3 მონაწილეს ბრალი წაუყენეს
პროკურატურამ „მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ორგანიზებული მოქმედების“ ბრალდებით ჭიათურის სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს ბრალი წაუყენა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, 2024 წლის მარტიდან ბრალდებულებმა, სხვა პირებთან ერთად, ორგანიზებულად მოახდინეს შპს „მაღაროელის“ კუთვნილი კუკოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება.
„ისინი მაღაროების შესასვლელების წინ იმყოფებიან და მუშა-მოსამსახურეებს მაღაროებში შესვლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2024 წლის 21 ივლისს, 07:25 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში, შპს „მაღაროელის“ კუთვნილი მაღაროების სავენტილაციო შენობის ეზოდან სავენტილაციო სისტემის მართვის მემანქანის გამოსვლის შემდეგ, ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის კარი ჯაჭვით, მავთულებით და ბოქლომით ჩაკეტეს, რითაც ახალ ცვლაში მომუშავე მორიგე-მემანქანეს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რაც დღემდე გრძელდება. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა განზრახ შეაფერხეს მიწისქვეშა მაღაროების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავენტილაციო სისტემის მუშაობა, რამაც შედეგად შესაძლოა გამოიწვიოს მაღაროებში სამაგრი მასალის ლპობა, ელექტროდანადგარების დაზიანება, სამთო მასების ჩამოქცევა და მთლიანი მიწისქვეშა მაღაროების პარალიზება“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილსა და მალხაზ ლაბაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში აქტიური მონაწილეობა, რამაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მდებარე კოროხნალის მაღარო უკვე ოთხ თვეზე მეტია პარალიზებულია. პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. 2020 წელს, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. „ჯორჯიან მანგანეზი“ ირწმუნება, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, 20 ივლისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელებმა მაღაროში სამუშაო პროცესის აღდგენა ძალის გამოყენებით სცადეს.
შუქრუთი ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. შუქრუთელები წლებია ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც ადგილობრივების სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.