დანიამ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა – ბიუჯეტი 28 მლნ ლარი იყო
დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 71.5 მილიონი დანიური კრონა (28 მლნ ლარზე მეტი) იყო.
ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილიდან ხდება ცნობილი, რომელიც პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას მისი კითხვის პასუხად გამოუგზავნეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს დანიის საელჩოშიც.
როგორც თეონა აქუბარდიასთვის გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, 2024 წლის ივნისში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე, ევროკავშირის სამშვიდობო ფონდიდან საქართველოსთვის დახმარების შეჩერების შემდეგ, დანიამ გადაწყვიტა განიხილოს საქართველოს მთავრობისადმი ორმხრივი დახმარების სრულად გადახედვა.
როგორც წერილშია აღნიშნული, სანამ განხილვა გრძელდება, დანია შეაჩერებს დაგეგმილ აქტივობებს და ახალ პროგრამულ მხარდაჭერას საქართველოს ხელისუფლებისთვის.
„დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას და დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც დანიასა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველია“, – აღნიშნულია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილში.
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი, რომელიც თეონა აქუბარდიას გამოუგზავნეს
აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და თავდაცვის სამინისტროსაც, თუმცა მათგან ჯერჯერობით არ მიგვიღია პასუხი.
როგორც თეონა აქუბარდია აცხადებს, მაშინ, როცა ხელისუფლება „გამჭვირვალობას“ ითხოვს, თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ხალხს უმალავს იმ მძიმე შედეგს, რომელიც თავდაცვისუნარიანობას მიაყენა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა.
აქუბარდიას თქმით, ის აპირებს, რომ სხვა დასავლელ პარტნიორებსაც მიმართოს წერილობით და მიიღოს ინფორმაცია, რომელსაც მთავრობა მალავს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ არა მხოლოდ კონსტიტუციის 78-ე მუხლი და 22-ე მუხლები, რომელიც დემოკრატიას ეხებოდა, დაზიანდა, არამედ უკვე კონსტიტუციის 70-ე მუხლი, რაც სახელმწიფო თავდაცვას გულისხმობს და ეს უმძიმესი ვითარება, რითაც ასეულობით მილიონი ლარი დაკარგა ჩვენმა თავდაცვამ, ისევე როგორც რეპუტაციული ზიანი მიადგა მას, არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ისევე როგორც თავდაცვისუნარიანობისთვის.
მე მივმართავ თავდაცვის მინისტრს, როდემდე აპირებს ის, რომ დაუმალოს ინფორმაცია საკუთარ ხალხს იმ შეჩერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც არის თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით და მაინტერესებს, რას აპირებენ, როგორ მოახერხებენ, აი, ამ თანხების გაყინვის, ისევე როგორც ამხელა რეპუტაციული ზიანის შემდგომ, რაიმე ტიპის ღირსებით სადმე ევროკავშირში წასვლისთვის. როდესაც მათ კარგად იციან, რომ ეს ყველაფერი არა გაუგებრობა არის, არამდე დაგეგმილი პროვოკაციაა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის წინააღმდეგ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
რუსული კანონის მიღების შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოში 25 ივლისი — 6 აგვისტოს შუალედში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“. როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.