თეონა აქუბარდიას თქმით, დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა
პარლამენტის წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო დახმარება შეწყვიტა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 71.5 მილიონ დანიურ კრონას შეადგენდა.
როგორც აქუბარდიამ განმარტა, ამის შესახებ საუბარია მისი წერილის პასუხად, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წერილში.
აქუბარდიას თქმით, წერილის თანახმად, დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც არის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველი დანიასა და საქართველოს შორის.
„დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული პასუხით ჩემს წერილზე ირკვევა, რომ დანიამ საქართველოსთან ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი რიგი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერა. დანიამ ასევე შეაჩერა ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 71, 5 მილიონ დანიურ კრონას შეადგენდა.
შესაბამისად, მმართველმა პარტიამ უკვე საგრძნობლად დააზიანა როგორც ჩვენი დემოკრატიული განვითარება, ნატოსა და ევროკავშირში წევრობის გზა, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.
რაც არ უნდა გაუგებრობად გაყიდოს ეს თავდაცვის მინისტრმა, ძალიან მკაფიო და გასაგებია მოწოდებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რომ საერთო ღირებულებებისგან და ევროატლანტიკური გზიდან გადახვევა ქმნის ამ მოცემულობას, რაც ბუნებრივია, რუსულ კანონს და ანტიდასავლურ რიტორიკას უკავშირდება.
ბუნებრივია, აღნიშნული ინფორმაცია ცნობილია მთავრობისთვის, თუმცა ფაქტია, რომ ისინი საკუთარ ხალხს უმალავენ ინფორმაციას, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს ქვეყნის სუვერენიტეტი და თავდაცვისუნარიანობა.
ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამ სიმძიმით დაზიანებაზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, მის მთავრობას და მორჩილ უმრავლესობას, რომელიც ვერც კი ბედავს უპასუხოს ქართულ ჯარს, რატომ ჩააყენა ასეთ მძიმე მდგომარეობაში ქვეყანა”, – განაცხადა აქუბარდიამ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.