Jump to content
Planeta.Ge

აფრიკაში რუსული “ვაგნერის” ათეულობით წევრი მოკლეს


დაქირავებული სამხედროების რუსულ დაჯგუფება „ვაგნერს“ აფრიკაში, მალისა და ალჟირს შორის საზღვართან ახლოს, ტუარეგის ამბოხებულებმა ჩასაფრება მოუწყვეს, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ათეულობით „ვაგნერელია“ მოკლული.

მომხდარი „ვაგნერელებმაც“ დაადასტურეს, თუმცა მსხვერპლის რაოდენობას არ აზუსტებენ.

„როიტერსის“ ცნობით, რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ კვირას სულ მცირე 20 „ვაგნერელი“ დაიღუპა.

BBC-ის წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 82-ია.

ტუარეგის აჯანყებულთა ცნობით, ათობით ჯარისკაცი მოკლეს მალის არმიიდან და “ვაგნერის“ დაქირავებული სამხედროებიდან.

დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც საჯარო განცხადებების სიმრავლით არ გამოირჩევა, განაცხადა, რომ 22-27 ივლისს მალის ჯარისკაცებთან ერთად ებრძოდნენ ისლამისტებს და „ვაგნერელებს“ მეთაური სერგეი შევჩენკო ხელმძღვანელობდა, რომელიც მოკლეს.

„პირველ დღეს რაზმმა ისლამისტების დიდი ნაწილი გაანადგურა, თუმცა ქვიშის ქარიშხალმა რადიკალებს საშუალება მისცა, გადაჯგუფებულიყვნენ და მათი რიცხვი 1000-მდე გაიზარდა“, — ასეთი ინფორმაცია გაავრცელა რუსების დაჯგუფებამ ტელეგრამზე.

მოკლულთა შორის არის „ვაგნერელბთან“ აფილირებული ცნობილი ტელეგრამ არხის, Grey zone-ის დამფუძნებელი ნიკიტა ფედიანინი, მეტსახელად “ბელი”.

27 ივლისს დაჯგუფება წერდა, რომ მხოლოდ სამნი იყვნენ დარჩენილი და ბრძოლას აგრძელებდნენ.

მალის ამჟამინდელმა სამხედრო მმართველობამ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო 2020 და 2021 წლებში გადატრიალებების შედეგად. „ვაგნერელები“ მათი მოკავშირეები არიან. ტუარეგი ეთნოსია, რომელიც საჰარის რეგიონში ცხოვრობს, მათ შორის, მალის ჩრდილოეთ ნაწილებში. ისინი თვლიან, რომ მალის მთავრობის მიერ მარგინალიზებული არიან.

რუსი დაქირავებული სამხედროები მალიში 2021 წლიდან იმყოფებიან. სააგენტო „როიტერსი“ წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები მალიში არა მხოლოდ „ვაგნერელების“ სტატუსით არიან, არამედ წვრთნიან ადგილობრივ დანაყოფებს იმ ეკიპირებით, რაც რუსეთიდან ჩაიტანეს.

დაჯგუფება „ვაგნერმა“ დიდი როლი შეასრულა რუსეთის უკრაინაში შეჭრისას, მაგრამ მათი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როცა 2023 წლის აგვისტოში დაჯგუფების ლიდერი ევგენი პრიგოჟინი მოკლეს. ეს 2 თვის შემდეგ მოხდა, რაც „ვაგნერმა“ 23-24 ივნისს რუსეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა.

ასევე ნახეთ:

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...