Jump to content
Planeta.Ge

ენერგოდარიდან ვრცელდება ცნობები საბრძოლო მოქმედებების შესახებ


უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარიდან ვრცელდება ცნობები საბრძოლო მოქმედებების შესახებ. რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ ენერგოდართან მდებარეობს ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.

ქალაქის ლეგიტიმური მერის, დმიტრო ორლოვის ცნობით, გასული ღამიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ენერგოდარი რამდენჯერმე დაცხრილეს. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა. ორლოვის წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ერთ-ერთი ელექტროქვესადგური და საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შენობა.

ენერგოდარის პრორუსულ, დე ფაქტო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა „ტერორისტული აქტი“ ჩაიდინეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და ადმინისტრაციული შენობის წინააღმდეგ და დარტყმა განახორციელეს ამერიკული სარაკეტო სისტემის, HIMARS-ის გამოყენებით. დღესვე, ზაპოროჟიეს ოლქის პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ვლადიმირ როგოვმა განაცხადა, რომ უკრაინული დესანტი ცდილობდა ენერგოდარში შესვლას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასაპყრობად, თუმცა, ეს მცდელობა აღკვეთილია. უკრაინის არმიის სარდლობას ამ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...