მარეგულირებელმა მთავარი არხი დაასანქცირა რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე კლიპის გამო
კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ „მთავარმა არხმა“ ეთერში რუსული კანონის ხმის მიმცემ დეპუტატებზე ვიდეორგოლის განთავსებით დაარღვია კანონმდებლობა. შესაბამისად, მარეგულირებელმა ორგანომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის წინააღმდეგ გამოიყენა სანქცია — გაფრთხილება.
„კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლები ემსახურებოდა 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პოტენციურად მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების არჩევის ხელშეშლას, შესაბამისად, ვიდეორგოლები განეკუთვნა პოლიტიკურ რეკლამას“ ,— აცხადებს კომუნიკაციების კომისია.
მარეგულირებლისვე შეფასებით, პოლიტიკური რეკლამის შემცველი ვიდეორგოლები კი ეთერში განთავსდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ნორმების დარღვევით. კერძოდ, კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა განთავსება დაუშვებელია.
ვინაიდან „მთავარი არხი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა და სამაუწყებლო ბადიდან ვიდეორგოლების დაუყოვნებლივ ამოღება დაავალა.
„მთავარი არხი“ მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის ეს გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან ეს ინფორმაცია გადაიცემოდა საინფორმაციო გამოშვებაში, ეს არ იყო პოლიტიკური რეკლამა და არავის არჩევისკენ მოწოდებას, ან ხელშეშლას არ ისახავს მიზნად.
„ფაქტია, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, ფაქტია, რომ კონკრეტულმა დეპუტატებმა ხმა მისცეს ამ კანონს და პირიქით, ეამაყებათ და მიიჩნევენ, რომ ამით ქვეყანას გადაარჩენენ უცხოური ზეგავლენისგან. ამიტომ, ამ ინფორმაციის გაჟღერება საინფორმაციო გამოშვებაში რატომ არის ამავე დეპუტატებისთვის რაიმეში ხელშეშლა, გაუგებარია.
ეს აზრს მოკლებულია და კომისიამ ამ გადაწყვეტილებით შეასრულა კონკრეტული პარტიის პოლიტიკური დავალება, რითაც კომისიამ დაარღვია კანონი“, — განუცხადა ნეტგაზეთს „მთავარი არხის“ წარმომადგენელმა თამთა მურადაშვილმა.
მისივე განცხადებით, პოლიტიკურ მოტივაციაზე ისიც მიუთითებს, რომ კომისიას აქამდე ამაზე რეაგირება არ ჰქონია, რადგან ეს საინფორმაციო ვიდეორგოლები საინფორმაციო გამოშვების ბოლოს 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გადიოდა.
მურადაშვილის თქმით, აღნიშნულზე რეაქციის არქონა სწორი გადაწყვეტილება იყო კომუნიკაციის კომისიის მხრიდან.
„თუმცა, როგორც ჩანს, პარტიაში ვიღაც შეწუხდა და კომისიამაც გადაწყვიტა, პოლიტიკური დავალების შესრულების მიზნით დაესანქცირებინა მთავარი არხი.
არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ამბობს, რომ ფაქტზე ინფორმაციის გაჟღერება საინფორმაციო გამოშვებაში არის დარღვევა. პირიქით, ამის შეზღუდვა კომუნიკაციების მხრიდან არის ცენზურა და თავად კომისია არღვევს კანონს“ ,— ამბობს მურადაშვილი.
„მთავარი არხის“ წარმომადგენლის თქმით, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას ტელეარხის სანქცირების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებენ. „მთავარი არხი“ მიიჩნევს, რომ გარდა თავად შინაარსობრივი პრობლემისა, მარეგულირებელმა ტელეკომპანიას არ მისცა განხილვაში მონაწილეობის საშუალება და საკითხზე მსჯელობა 2 დღეში ამოწურა.
„ვაცნობეთ, რომ ჩვენი იურისტი შვებულებაში იყო და შემდეგი კვირისთვის ვთხოვეთ სხდომის გადადება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო განხილვაზე დასწრება, რადგან ეს იყო პირველი საქმე, როცა საინფორმაციო გამოშვებაში გადაცემული ინფორმაცია მიიჩნიეს პოლიტიკურ რეკლამად“ ,— ამბობს მურადაშვილი და დასძენს, რომ აღნიშნული საინფორმაციო ვიდეორგოლი ეთერიდან ივლისის ბოლოს, სატელევიზიო სეზონის დასრულებისთანავე, ისედაც მოიხსნებოდა.
„მთავარი არხის“ ეთერში რეგულარულად, საინფორმაციო გამოშვების ბოლოს გადიოდა ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენები იყვნენ ის დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავ რუსულ კანონს. აღნიშნული კანონის მიღებამ შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.