პირველი არხიდან „აკუსტიკის“ წამყვანები გაათავისუფლეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან გადაცემა „აკუსტიკის“ წამყვანები, მებო ნუცუბიძე და მაკო მჭედლიშვილი, გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მუსიკოსი და ტელეწამყვანი მებო ნუცუბიძე ავრცელებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ტელეკომპანიამ გუშინ, მოულოდნელი ზარით აცნობა და განუცხადეს, რომ „აკუსტიკას“ მომავალი სეზონიდან ახალი წამყვანები ეყოლება:
„9 ივნისს, მაკომ და მე მაყურებელს მადლობა გადავუხადეთ, მომავალ სეზონამდე დავემშვიდობეთ და დავპირდით, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლითა და საინტერესო ამბებით დავუბრუნდებოდით. სამწუხაროდ, ვერც მაკო და ვერც მე პირველი არხის ეთერში ამ დანაპირებს ვეღარ შევასრულებთ.
გუშინ, ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად დასრულდა ჩვენი აკუსტიკური მოგზაურობა.
ასე გადაწყდა – ახალი სეზონიდან გადაცემას ახალი წამყვანები ეყოლება.
მადლობა ყველას, ვინც ამდენი წელი უყურებს და უსმენს აკუსტიკას. გვიხარია, რომ 6 წლის განმავლობაში თქვენთან ერთად ვქმნიდით ამ პროექტს,“ — წერს მებო ნუცუბიძე.
„ნეტგაზეთი“ აღნიშნულის მიზეზების გარკვევას საზოგადოებრივ მაუწყებელთან ცდილობს. ტელეკომპანიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.
მებო ნუცუბიძე ბოლო თვეების განმავლობაში აპროტესტება „ქართული ოცნების“ მიღებულ რუსულ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა. სწორედ ამ კანონის მიღების გამო შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
„არ უნდა ხალხს და მორჩა. ხალხია მთავარი. ხალხი წყვეტს ყველაფერს, ხალხი. დროზე გაიგეთ და მოეშვით რა. დროს ნუ გვაკარგვინებთ. შეგვარგეთ სიხარული. ცოტა ხნით მაინც გვაცალეთ ერთიანობა. მაგრამ, განა დაყოფილი და დაპირისპირებული უფრო კარგი სამართავი არაა?“ — წერდა მებო ნუცუბიძე რამდენიმე თვის წინ, როცა ხელისუფლება რუსულ კანონს იღებდა, ქუჩაში კი ამას ათიათასობით ადამიანი აპროტესტებდა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.