სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას რუსეთ-საქართველოს ლეგენდების მატჩში – დემეტრაძე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგენდების რეტრო მატჩში მონაწილეობაას სიამოვნებით მიიღებს.
ამის შესახებ მან რუსულ სპორტულ გამოცემასთან „სპორტ ექსპრესთან“ ისაუბრა.
„პოლიტიკა ასე თუ ისე ახდენს გავლენას თანამედროვე საქართველოში ბევრ მოვლენაზე. თუ ჩვენ ჩავატარებთ რეტრო მატჩს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, მაშინ შესაძლებელია საზოგადოება ორ ნაწილად გაიყოს. ზოგი წინააღმდეგი იქნება, ზოგიც მომხრე.
როგორი დამოკიდებულება მაქვს მე? მიმაჩნია, რომ სპორტული და კულტურული ღონისძიებები საქართველოს მხოლოდ სარგებელს მოუტანს.
ამიტომ სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ასეთ მატჩში. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, რომ ეს არჩევნების შემდეგ ჩატარდეს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება“, – განუცხადა დემეტრაძემ რუსულ გამოცემას.
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგენდების რეტრო მატჩი ჩატარდეს.
„ახლა ეს აქტუალურია, ასეთი შეხვედრები აერთიანებს ხალხებს და ინარჩუნებს ჩვენს საერთო ისტორიას. შეგიძლიათ უსასრულოდ გამართოთ სამიტები და კონფერენციები, მაგრამ ის, რაც ხალხს აერთიანებს, არის ფეხბურთი.
თბილისში ნაკრებების რეტრო მატჩისთვის სტადიონი შეიძლება შეივსოს. იქ ყოველთვის კარგი დონის ფეხბურთელები იყვნენ. თუ არველაძე, ასათიანი, დემეტრაძე, აშვეთია, კობიაშვილი, ქინქლაძე მოედანზე გავიდნენ, ეს ლეგენდების ლიგის ძალიან ნათელი ნიშანი გახდება“, – განაცხადა არშავინმა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.