Jump to content
Planeta.Ge

ომბუდსმენი შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას მოუწოდებს აწარმოოს აქტიური კომუნიკაცია გაფიცულებთან


საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გაფიცვას, რომელიც 12 ივლისიდან მიმდინარეობს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ გაფიცულ თანამშრომლებს შრომით ურთიერთობასთან ერთად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის უფლება შეუჩერდათ. ამავე დროს, გაფიცულთა შორის არიან ორსულები, ონკოპაციენტები და სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომელთათვისაც დაზღვევის სერვისით სარგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ონკოპაციენტებისთვის, ორსულებისთვის, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა სამედიცინო საჭიროების მქონე პირებისთვის, კერძო სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობის მიუხედავად, სახელმწიფო, ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბაზისო სამედიცინო სერვისებზე წვდომას.

იმ შემთხვევაში, თუ „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულ თანამშრომლებს შეეზღუდებათ საყოველთაო პროგრამის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა, საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას შეისწავლოს გაფიცული თანამშრომლების საკითხი, მათი მომართვის საფუძველზე.

ვინაიდან, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გაფიცვა თითქმის ორი კვირაა გრძელდება, არსებობს საფრთხე, რომ გაფიცვაში მონაწილე პირებს იმ აუცილებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროება წარმოეშვათ, რასაც ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის მოქმედების პირობებში მიიღებდნენ. ამან შესაძლოა, რისკის წინაშე დააყენოს გაფიცულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად, კიდევ უფრო გაზარდოს დამსაქმებლის პასუხისმგებლობა“,- ნათქვამია განცახდებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას – აწარმოოს აქტიური კომუნიკაცია გაფიცვაში მონაწილე დასაქმებულებთან და მათ წარმომადგენლებთან; ასევე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად, რათა დროულად მოხდეს დასაქმებულთა შრომის ღირსეული პირობებით უზრუნველყოფა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისებზე წვდომის აღდგენა.

„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი 12 ივლისს გაიფიცა. პროფკავშირი „ლაბორის” ცნობით, გაფიცულია 4621 თანამშრომელი, რაც კომპანიაში დასაქმებულთა ნახევარზე მეტია.

თავად კომპანია უარყოფს, რომ გაფიცულთა რიცხვი 4600-ს აღემატება. თუმცა, კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებენ.

გაფიცულები ხელფასების ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...