Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - თავის მართლებები, რომ პროცესში მონაწილეობა არ მივიღეთ, რადგან რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხი გაჩნდა, მინიმუმ ძალიან არასერიოზულია


პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ევროსაბჭოს რეზოლუციაზე მხარის არდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა გაცნობიერებული არ აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქართულ ოცნებას“ ავიწყდება, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესები უნდა დააყენოს.

"ზოგადად, ქართულ ოცნებას“ ავიწყდება, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა ყოველთვის სახელმწიფოს, ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესები უნდა დააყენოს. არაერთხელ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ შეუძლია ეს მაშინაც, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოება რისკის წინაშე დგას, მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს. ის, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი ამ რეზოლუციაში აღმოჩნდა, ეს პირველ რიგში, არის „ოცნების“ პასუხისმგებლობა, მან ვერ აღასრულა სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება ისე და ვერც ახლა აღასრულებს, მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს. „ქართულ ოცნებას“ ავიწყდება, რომ ის არის ხელისუფლებაში, მას აქვს ვალდებულება, საერთაშორისო პარტნიორებთან იმუშაოს ისე, რომ რეზოლუციაში ასეთი ტიპის ჩანაწერი არ გაჩნდეს. შემდგომ თავის მართლებები, რადგან სააკაშვილის საკითხი გაჩნდა, ამ პროცესში მონაწილეობა არ მივიღეთ, მინიმუმ ძალიან არასერიოზულია. ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის უპასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მათ ეს პასუხისმგებლობა გაცნობიერებული არ აქვთ. როგორც ჩანს, ამ არგუმენტს „ქართული ოცნება“ იყენებს იმისთვის,რომ თავი აარიდოს იმ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს რეზოლუციაში არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერას, რომელიც პირდაპირ ქვეყნის უსაფრთხოებაზე გადის“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული.

ამავე რეზოლუციაში შესწორების სახით შევიდა დამატება, რომლითაც „ასამბლეა მოუწოდებს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ პუტინს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში, და მათი გათავისუფლებისკენ (უკრაინის მოქალაქის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით)“.

ევროსაბჭოს რეზოლუციას “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხარდაჭერა არ აქვს.

Edited by tvati

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...