Jump to content
Planeta.Ge

გახარიას თქმით, მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს


პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. მან არ გამორიცხა, რომ ამ კუთხით რამე შეიცვალოს, თუმცა თქვა, რომ ამომრჩეველი რაიმე გაერთიანების შესახებ ინფორმაციას მისგან გაიგებს.

“როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია “საქართველოსთვის” ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებლად. თუ რაიმე შეიცვლება – ყველაფერი ხდება, ხომ ხედავთ, სამყარო როგორი რთულად პროგნოზირებადი გახდა?! -, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყოფნის იმის პასუხისმგებლობა, რომ ამას ჩვენგან გაიგებენ”, – განაცხადა გახარიამ “მთავარ არხთან საუბრისას”.

“ქართული ოცნების” ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გამორიცხა ამ პარტიაში დაბრუნება. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ ბევრი ადამიანი მმართველი პარტიიდან მის პარტიაში გადავა.

“არასერიოზულია, რომ მე გადავალ ქართულ ოცნებაში. “ქართული ოცნებიდან” ბევრი გადმოვა ჩვენთან – ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ღირსეული ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ იქ არის დარჩენილი, მათთვის ჩვენი კარი ღიაა”, განაცხადა გიორგი გახარიამ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის რამდენიმე პარტია უკვე გაერთიანდა. 17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ერთიანი საარჩევნო სია ექნებათ “ლელოს”, ანა დოლიძის პარტიას “ხალხისთვის” და ახლად შექმნილ მოძრაობას, “თავისუფლების მოედანს”.

უფრო ადრე გაერთიანების შესახებ განაცხადეს „დროამ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „ახალმა”. ამ პარტიების ლიდერებმა წარმატებები უსურვეს სხვა ოპოზიციურ პარტიებს და განაცხადეს, რომ წინასაარჩევნოდ მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ოპოზიციას შორის ერთმანეთზე „თავდაუსხმელობა“.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...