Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება


პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარი იქნება.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებელი ცვლილებებით, მოსაწევი თამბაქოს წარმოება (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩვა, დანამვა და სოუსირება, თამბაქოს ნედლეულის შერევა, თამბაქოს დაჭრა, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება, დაჭრილი თამბაქოს არომატიზირება, დაჭრილი თამბაქოს შერევა, მზა პროდუქციის შეფუთვა) და სიგარეტის წარმოება (დაჭრილი თამბაქოს სიგარეტში განთავსება, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის წარმოება, სიგარეტის კოლოფში შეფუთვა) თამბაქოს წარმოების ლიცენზიას საჭიროებს.

თამბაქოს წარმოების ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის იმპორტი, საქართველოს ტერიტორიაზე სხვა სახის თამბაქოს ნაწარმის წარმოება, ასევე, ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს საქართველოში მოყვანა, პირველადი დამუშავება და დაჭრა.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება.

“თამბაქოს წარმოების დარგში ჯანმრთელობისთვის საშიში ნედლეულის გამოყენების შემცირებისთვის აუცილებელია, თამბაქოს წარმოების პროცესის და ზოგადად, აღნიშნული დარგის, გაჯანსაღება-გაძლიერება. მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი ინდუსტრიის მქონე მწარმოებლების მიერ თამბაქოს წარმოება მწეველთა ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტებს საგრძნობლად ამაღლებს, მაშინ როდესაც თამბაქოს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების მიერ წარმოება, მწეველთა ჯანმრთელობისთვის უდიდეს რისკს ქმნის.

სწორედ აღნიშნული მაღალი სტანდარტის მისაღწევად საჭიროა, რომ თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდეს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...