Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილი - ივანიშვილის გამოსვლა იყო უგერგილო მცდელობა, საკუთარი მოქალაქეები შეაშინო ომით - რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, თუ ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი, არჩევნებს რატომ ელოდებიან?


სამწუხაროდ, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, ძალიან არასერიოზული იყო. იქ თავდაჯერებულობის და ნდობის ნატამალი არ არსებობდა - რომელი „ნაცმოძრაობა“ უნდა გაასამართლონ, კეზერაშვილთან ერთად პარტნიორობენ, რომ პენსიონერების ფული ერთად მოიპარონ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამორალურია, რომ კეთილდღეობის და ხალხისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებდე.

“ერთდროულად ეს ყველაფერი იყო არასერიოზული და თან სამწუხარო. მახსენდება 12 წლის წინ რამხელა მოლოდინი, იმედები, ნდობა და როგორი ემოცია არსებობდა ხალხში. რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, როგორი დაცლილი იყო ყველანაირი ნდობისგან, რწმენისგან და იმისგან, რომ გჯეროდეს შენი ხელისუფლების და ადამიანის, რომელსაც ერთ დროს ძალიან ენდობოდი, რომ ის შენი კეთილდღეობისთვის და ქვეყნისთვის ყველაფერს გააკეთებდა. სამწუხაროდ, გუშინ რაც ჩვენ მოვისმინეთ, ძალიან არასერიოზული იყო, იქ თავდაჯერებულობის და ნდობის ნატამალი არ არსებობდა. ეს იყო უგერგილო მცდელობა იმისი, რომ საკუთარი მოქალაქეები შეაშინო ომით. ამაზე უფრო ამორალური რა არის, რომ შენი კეთილდღეობის და ხალხისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად აკეთებდე ყველაფერს. ამორალურია, დააშინო შენი მოქალაქეები ომით, რომ “მე თუ არ ვიქნები, ომი გექნებათ”, - აღნიშნა დაუშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის მადლობაზე, რომელიც მან ჩინეთს გადაუხადა და აღნიშნა, რომ მადლობის შინაარსი მისთვის გაუგებარია.

“რაც შეეხება ჩინეთისთვის მადლობას. რისთვის გადაუხადა ეს მადლობა ან რას ელოდება მათგან და რა იყო მადლობის შინაარსი, მე ვერ გავიგე. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მადლობები რისთვის იყო და რა სარგებელს მოუტანს “ქართულ ოცნებას”, ვერ გავიგე”, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

რაც შეეხება, ივანიშვილის განცხადებას “ნაციონალურ მოძრაობაზე”, დაუშვილმა განმარტა, რომ “ქართული ოცნება” ტყუილზეა აწყობილი, რადგან თუ ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი, არჩევნებს არ უნდა დაელოდონ.

“ტყუილზე არიან აწყობილი. თუ ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი და თუ ვინმეზე სამართალია აღსასრულებელი, არჩევნებს რატომ ელოდებიან? ამდენი წელია ხელისუფლებაში არიან და რა არჩევნებს ელოდებიან? მაგაშიც გამოიხატება როგორი მატყუარები არიან, რომ გვეუბნებიან ჩვენ არჩევნებზე მხარდაჭერა გამოგვიცხადეთ და მერე “ნაცმოძრაობას” მივხედავთო. შე კაი დედმამიშვილო, თუ ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი დანაშაულის ჩადენის გამო, რა არჩევნები? დღესაც ხელისუფლებაში ხარ.

რომელი “ნაცმოძრაობა” უნდა გაასამართლონ, კეზერაშვილთან ერთად პარტნიორობენ რომ პენსიონერების ფული ერთად მოიპარონ - ხელს აფარებენ. საგამოძიებო კომისია არ შეგაქმნევინებს იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ერთად არიან მაგ საქმეში”, - აღნიშნა დაუშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, მონობასა და ღირსებას, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის, შესაბამისად, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს დაუჭერს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...