Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება“ ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა - მოვითხოვთ „ოცნებისგან“ ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს!


ამნისტიის შესახებ კანონმა დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ „ოცნება“ ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა, - ამის შესახებ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლება დღეს ათასობით პატიმარს და მათ ოჯახებს ატყუებს, რომ თითქოს მათზე ზრუნვის მიზანი ამოძრავებს. სინამდვილეში კი მათზე ამნისტიას არ ავრცელებს და ჰუმანურობის საფარქვეშ, ზონდერების დაუსჯელობის დაპირებას ასრულებს.

 

"გარიგების თანახმად, ზონდერ ჯგუფებს უნდა ემოქმედათ მაქსიმალურად სასტიკად და იმ მუხლების ფარგლებში, რომლებსაც მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა. ხოლო სახელმწიფო უწყებებს ხელი უნდა დაეფარებინათ ხელისუფლებისთვის, არ დაეშვათ გამოძიების დაწყება ისეთი მუხლებით, რაც ირიბად მაინც მიანიშნებდა ხელისუფლების ბრალეულობაზე და გამოძიება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ფორმალურად იმ მუხლებით დაეწყოთ, რომლებსაც მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა.

 

მართლაც, დღეს გამოძიებებს, რომლებსაც უკვე ამნისტია ეხება, ფორმალურად, კანონის დარღვევით - არასწორი კვალიფიკაციით აწარმოებს არაუფლებამოსილი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ გარიგების მონაწილე იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც თვალი დახუჭა „დევნაზე“ და განცხადებები შსს-ში გადააგზავნა.

 

„ოცნება“ დღეს ნაცმოძრაობის მეთოდებით მოქმედებს. ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების მიმართ სისტემური ძალადობის ოპერაცია ოფიციალური სახელმწიფო უწყებების და არაოფიციალური ზონდერ ჯგუფების მონაწილეობით დაგეგმა - აცემინა ახალგაზრდები, მოხუცები, ქალები, ბავშვები და ახლა დანაშაულის დაფარვის ოპერაციას ახორციელებს.

 

სწორედ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ხელწერა და ეს გახდა დღეს ოცნების ხელწერა.

 

მოვითხოვთ „ოცნებისგან“: ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს!

 

მოვითხოვთ პროკურატურისგან, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ სისტემურ დანაშაულზე და მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია ყველა საქმეს, რომელიც გარიგების ნაწილია, რითაც დაადასტურებს, რომ თავადაც არ არის დანაშაულებრივი გარიგების ნაწილი!

 

ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა დანაშაულის განმეორების სანდო კვლევის წარმოაგდნის და ამნისტიის სამართლიანობის სხვა წინაპირობების დაკმაყოფილების შესახებ.", - განაცხადა ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...