რას ნიშნავს იამალის "304" აღნიშვნა, ბუცებზე დატანილი ისტორია და მესისთან ბავშვობის ფოტოს ამბავი - უცნობი და საინტერესო ფაქტები იამალზე, რომელიც დღეს 17 წლის გახდა
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი ლამინ იამალი დღეს, 13 ივლისს, 17 წლის გახდა, მაგრამ "ფურია როხას" შემადგენლობაში მას შესაძლოა საერთოდ არ ეთამაშა და ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა.
ფეხბურთელი ესპანეთში დაიბადა, მაგრამ მამამისი მაროკოელია, დედა კი ეკვატორული გვინეიდან. მაროკოელები იამალის ხელში ჩასაგდებად და მათ ნაკრებში სათამაშოდ დასათანხმებლად ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა ლამინმა ბოლოს ესპანეთი აირჩია.
მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ვარსკვლავი მშობლების სამშობლოს არ ივიწყებს და თავის Adidas F50-ის ბუცებზე ორივე ქვეყნის, ეკვატორული გვინეისა და მაროკოს დროშა აქვს დატანილი.
იამალი გოლების გატანის შემდეგ
ე.წ. "304" (იხილეთ სტატიის მთავარ სურათზე) ჟესტით ზეიმობს, ამ ყველაფერს კი თავისი მიზეზი აქვს.
საქმე იმაშია, რომ ლამინი როკაფონდაში, კატალონიის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ უბანში გაიზარდა, 304 კი ამ უბნის zip code-ს წარმოადგენს.
ის ამ ნიშანს თავის ბუცებზეც ატარებს და ამაყად წარმოაჩენს თავის ფესვებს, როგორც მისი თავმდაბალი საწყისის მუდმივი შეხსენება.
კიდევ ერთი ვირუსული ამბავი, რომელიც "ფურია როხას" შემტევს უკავშირდება, სოციალურ ქსელში თავად ფეხბურთელის მამის მიერ გავრცელებული ფოტოა, სადაც ბავშვი ლამინი და ლიონელ მესია აღბეჭდილი.
საქმე იმაშია, რომ ეს ფოტო 2008 წელს სოლიდარობის კალენდრის გამო გადაიღეს, რომელსაც კატალონიური გამოცემა ყოველ წელს აწარმოებდა და რომელშიც "ბარსელონას" ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მესისთან სურათის გადასაღებად მაშინ "ბარსელონამ" ერთგვარი გათამაშება ჩაატარა, რომელიც ლამინის ოჯახმა მოიგო და ლეომაც ფოტო იამალთან გადაიღო.
რა თქმა უნდა, ამ ფოტოს ბევრი განხილვა მოჰყვა. "მესიმ ლამინი დალოცა?! - იქნებ ჩემმა შვილმა დალოცა ლეო"?!, - განაცხადა ამ ფოტოზე ფეხბურთელის მამამ.
"რა თქმა უნდა, მაშინ არ მეცოდინებოდა, თუ ვისთან ვიღებდი ფოტოს. ის მამაჩემს ჰქონდა შენახული და ჩვენ შედარების გამო ის არასდროს გამოგვიყენებია, ეს კარგი ნამდვილად არ იქნებოდა", - ეს კი უკვე ლამინის სიტყვებია.
იამალს ხვალ უკვე 17 წლის ასაკში კარიერაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. მისი ესპანეთის ნაკრები თბილისის დროით 23:00 საათზე ინგლისს დაუპირისპირდება.
sportall.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.