„პირად ნომერს დავამახსოვრებინებთ თუ არა, ამით საფრთხეებს ვერ ავირიდებთ“ - სპეციალისტის რჩევები
„დღეს ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ და ადამიანები იმაზე მეტ კვალს ვტოვებთ მასში, ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგალითად, პირად ნომერს დავამახსოვრებინებთ თუ არა, ამით საფრთხეებს ვერ ავირიდებთ“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ინტერნეტ-თაღლითობის პრევენციის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ ისაუბრა.
„უსაფრთხოებისთვის შეგვიძლია რამდენიმე საშუალება გამოვიყენოთ:
ბარათზე, რომელსაც ვიყენებთ ელექტრონული გადარიცხვების დროს ან შოპინგის დროს, ნუ განვათავსებთ მთელს ჩვენს ხელფასს. ამისთვის უმჯობესია ცალკე ბარათი გქონდეთ, რომელზეც კონკრეტულად იმდენი თანხა გექნებათ, რამდენიც გჭირდებათ.
საბანკო პროდუქტები არსებობს ვირტუალური ბარათების სახითაც, რომელთა გატეხვა გაცილებით რთულია, ვიდრე ფიზიკური ბარათის, ამიტომ, სჯობს ასეთ ვირტუალურ ბარათებზე გადავერთოთ.
პაროლის გამოცვლა, ძლიერი პაროლი ან ორმაგი ავტორიზაცია ერთ-ერთი საშუალებაა დაცვისთვის.
თუკი რამე მეილი ან ტრანზაქცია ოდნავ მაინც ეჭვს გიჩენთ, კარგად გადაამოწმეთ და მხოლოდ მაშინ ისარგებლეთ“, - განაცხადა გოცირიძემ.
უსაფრთხოების სპეციალისტმა პრობლემაში ფინანსური ინსტიტუტების როლზეც ისაუბრა.
„ამ შემთხვევაში მომხმარებლის უფლება არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, რადგან ის საკუთარი ნებით უზიარებს პაროლს ან სხვა მონაცემს თაღლითებს. ასეთ დროს კომერციული ორგანიზაცია მარტივად იცავს თავს და ცდილობს არ აანაზღაუროს დანაკლისი. ხდება თანხის ანაზღაურების შემთხვევებიც, მაგრამ ამას არ აქვს მასშტაბური სახე და ისევ და ისევ სჯობს, რომ ადამიანებმა საკუთარი წინდახედულებით დაიცვან თავი“ - განაცხადა მან.
ანდრო გოცირიძემ მსოფლიოს მაგალითზეც ისაუბრა. მისი თქმით, კიბერ-თაღლითობა მთელს მსოფლიოში გავრცელებულია, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობაში ცნობიერებაც უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში.
„კიბერ-თაღლითობა საერთაშორისო პრობლემაა და ის მარტო საქართველოში არ ხდება, მაგრამ ცნობიერება მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, სადაც ციფრული გამოცდილება უფრო მაღალი აქვთ, გაცილებით მაღალია. ახალი ტექნოლოგიების, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის შემოსვლის შემდეგ ეს თაღლითური ტექნოლოგიები იმდენად იხვეწება, რომ მომხმარებლებს უფრო და უფრო გაუჭირდება თავდაცვა“, - განაცხადა ანდრო გოცირიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.