Jump to content
Planeta.Ge

რა გზავნილები აქვს უზრა ზეიას – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი დასრულდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოადგილემ, უზრა ზეიამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ორი დღის განმავლობაში ის შეხვდა დეპუტატებს, პრემიერ-მინისტრს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ზეია იმყოფებოდა წეროვანში, სადაც შეხვდა დევნილ ქალებს და მოისმინა მათი ისტორიები.

ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ უზრა ზეიამ ვიზიტი მედიასთან შეაჯამა. მან თქვა, რომ აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით, შემდეგ კი გაახმიანა სამი ძირითადი გზავნილი.

პირველ რიგში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ნაბიჯები და დეზინფორმაციული კამპანია დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ. ისაუბრა რუსული კანონისა და ამ კანონის მიღების გამო ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.

“აშშ არის ძალიან შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზას, ჩვენს პარტნიორობას და ადამიანის უფლებებს საქართველოში.

ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ კანონი აზიანებს ქართველ ხალხს. მათ შორის, ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მხარს უჭერს ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, მედიის განვითარებას და ბევრ სხვა სფეროს. ამის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რისთვისაც ბევრი ძალისხმევა დაიხარჯა. ამავე დროს, საგანგაშოა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დაშინების მცდელობები და მათზე  ძალადობა”, – განაცხადა ზეიამ და ხაზი გაუსვა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია მხოლოდ ქვეყნის მტრების ინტერესებშია.

მეორე გზავნილი, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს აქვს ქართველი ხალხის მიმართ, არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა,

“ჩემი ვიზიტის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი და გამეცნო მამაცი ქართველი ქალები, რომლებსაც პუტინის აგრესიის შედეგად მოუხდათ საკუთარი სახლების დატოვება. მე მოვისმინე მათი ისტორიები, მათი ემოციები და სიმტკიცე. ჩვენი პოზიცია უცვლელია – აშშ გააგრძელებს საქართველოში ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას”, – განაცხადა ზეიამ.

მისი მესამე გზავნილი შეეხება იმ მხარდაჭერას, რომელსაც აშშ  სთავაზობს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე.

“აშშ ბოლო 32 წლის განმავლობაში არის ყველაზე დიდი მხარდამჭერი საქართველოსთვის. ეს მათ შორის მოიცავს ყველა ქართველისთვის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, კანონის უზენაესობის მხარდაჭერას. მინდა ვთქვა ძალიან მკაფიოდ – აშშ მხარს არ უჭერს რომელიმე პარტიას საქართველოში. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უზრუნველყოფილი იქნება კონკურენტუნარიანი და დემოკრატიული პროცესები წინასაარჩევნოდ”, – განაცხადა ზეიამ.

მისი თქმით, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელია, ადგილობრივმა თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა თავიანთი საქმიანობის განხორციელება შეუფერხებლად შეძლონ.

უზრა ზეიამ განაცხადა, რომ ქართველ და ამერიკელ ხალხს აერთიანებს თავისუფლებისა სიყვარული და მისწრაფება დემოკრატიისადმი. მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ არის ასეთი მტკიცე ქართველებისა და ამერიკელების მეგობრობა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...