NGO-ები: იუსტიციის საბჭო უბრუნდება 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას
არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოუწოდებენ დაიცვას კანონის მოთხოვნები თავისი საქმიანობის საჯაროობასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების დასწრება მონიტორინგის მიზნით.
განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ მრავალი წინაღობის მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მონიტორინგს უწევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომათა მიმდინარეობას, თუმცა უკანასკნელ პერიოდში საბჭომ სრულად აღკვეთა აღნიშნული შესაძლებლობა.
მათი თქმით, ეს პრობლემა პირველად 2024 წლის 8 ივლისს წამოიჭრა, ხოლო მეორედ – 11 ივლისს:
„ორივე შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისულ დამკვირვებლებს მრავალსაათიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს, რომ სხდომა გადაიდო. მოგვიანებით, ცხელი ხაზის მეშვეობით გაირკვა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხდომა ჩაატარა მაშინ, როდესაც დამკვირვებლები შენობაში იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი სხდომაზე არ დაუშვეს“ — ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომათა მონიტორინგის საჭიროება სწორედ ამ ინსტიტუტის ანგარიშვალდებულების ნაკლებობიდან გამომდინარეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
მათი თქმით, საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე წელიწადზე მეტია აღარ ქვეყნდება საბჭოს გადაწყვეტილებები, არ იტვირთება სხდომათა აუდიოჩანაწერები და კონსტიტუციური ორგანო აღარ გასცემს საჯარო ინფორმაციას სრულად და დროულად:
„უფრო მეტიც, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში საბჭო წერილობითი სახითაც კი არ პასუხობს დაინტერესებულ მხარეს, რაც აფერხებს გასაჩივრების და სასამართლოს გზით საჯარო ინფორმაციის მიღების პროცესს“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას სისტემატურად აკვირდება აცხადებს, რომ სხდომებზე დასწრებას თან ახლავს საბჭოს მხრიდან სხვადასხვა სახის ხელოვნური წინაღობების შექმნა, კერძოდ მათი თქმით:
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე ვებგვერდზე განათავსოს ინფორმაცია სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეგულარულად არღვევს კანონს და სხდომის შესახებ ინფორმაციას, კანონით დადგენილი ვადების დარღვევით, ღამის საათებში აქვეყნებს;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები, ფაქტობრივად, რეგულარულ რეჟიმში ინიშნება, თუმცა იშვიათად ტარდება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისეთი კოლეგიური ორგანო, როგორიც იუსტიციის საბჭოა, ან სისტემატურად ვერ ახერხებს შეკრებას, ან გამიზნულად იქცევა ამგვარად;
- სხდომათა გადადების შესახებ დამკვირვებლების ინფორმირება არ ხდება დროულად და მათ ამის შესახებ მხოლოდ ხანგრძლივი, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ატყობინებენ;
- გარდა დამკვირვებლებისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებიც აცხადებენ, რომ ისინი არ არიან ინფორმირებული სხდომასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხებზე.
- ამასთანავე, საბჭო ქმნის სხვა ფიზიკურ წინაღობებს. მაგალითად, მიმდინარე წლის 24 აპრილიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს კონსტიტუციური ორგანოს შენობაში შესვლა სხდომების დაწყებამდე, ზეპირსიტყვიერი ბრძანებით აუკრძალა. მონიტორებს სხდომათა ლოდინი დამამცირებელ პირობებში უწევთ. ამასთანავე, საბჭოს წევრთა მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციულ ქმედებებსაც, რათა დამკვირვებლების დასწრების შეზღუდვას გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინონ.
განცხადების ავტორების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავს არიდებს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, არ პასუხობს კითხვებს აღნიშნულ დარღვევებთან მიმართებით და, საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, გაუმჭვირვალედ მუშაობს, საბჭოს საქმიანობის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების ერთადერთი წყარო დამკვირვებელი ორგანიზაციებია:
„წინასაარჩევნო პერიოდში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატების შერჩევის პროცესში (რომელშიც ამავე საბჭოს მდივანი კანდიდატად არის რეგისტრირებული) და სხვა შესაძლო საკადრო ცვლილებების პირობებში, რომლებიც შესაძლოა შეეხოს მოსამართლეებს, განსაკუთრებით აუცილებელია გამჭვირვალობის მაღალი ხარისხისა და საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ იუსტიციის საბჭოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის კარის დახურვით სასამართლო სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლი გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაცვაზეც ამბობს უარს და უბრუნდება 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას, როდესაც საბჭოს სხდომები საზოგადოების ზედამხედველობის გარეშე ტარდებოდა.
განცხადებას ხელს აწერენ:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- სასამართლოს გუშაგი
-
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.